ლინკერმა ნავთობის ფასის შემცირებაზე იხუმრა - ახლა საუდელები „ნიუკასლს“ ვეღარ შეიძენენ
ლინკერმა ნავთობის ფასის შემცირებაზე იხუმრა - ახლა საუდელები „ნიუკასლს“ ვეღარ შეიძენენ
ინგლისის ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინკერმა ნავთობის ფასის კატასტროფული შემცირების შესახებ ილაპარაკა და ხუმრობით დაწერა, რომ „ნიუკასლის“ შესახებ გარიგება ჩაიშლება.
„საბრალო საუდელები. ახლა ისინი ვერასდროს შეძლებენ „ნიუკასლის“ შეძენას”, – ეს პოსტი გასული საუკუნის 90-იანი წლების ერთ-ერთმა გამორჩეულმა თავდამსხმელმა „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.
20 აპრილს, ნავთობის ბარელის ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და 90 პროცენტზე მეტად გაუფასურდა. აქამდე ისტორიული მინიმუმი ბარელზე 9,75 დოლარი იყო.
მანამდე კი საუდის არაბეთის საინვესტიციო კონსორციუმი „ნიუკასლის“ მეპატრონე მაიკლ ეშლის გუნდის გამოსყიდვაზე შეუთანხმდა – დასახელდა გარიგების თანხაც – 300-დან 350 მილიონ ფუნტამდე. გუნდის შესყიდვას საუდის არაბეთის საინვესტიციო კომპანიამ გადაწყვიტა, რომელსაც საუდის არაბეთის პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი ხელმძღვანელობს.
„ნიუკასლის“ შეძენის დასრულების შემდეგ, საუდელი ინვესტორები მზად არიან, კლუბში 200 მილიონი ინვესტიცია დააბანდონ. ახლა მთავარია, გარიგება პრემიერ ლიგის ადმინისტრაციამ დაამტკიცოს. „ნიუკასლის” გულშემატკივრები მის წასვლას დიდი ხანია ითხოვენ და ვებ-გვერდიც ჩამოაყალიბეს – ashleyout.com.
მაიკლ ეშლი ცნობილი ინგლისელი ბიზნესმენია, რომელმაც სპორტული ეკიპირების და პროდუქციის ინტერნეტ-მაღაზია Sports Direct დააფუძნა, რომლსაც საქართველოშიც ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ეშლი „ნიუკასლის“ გაყიდვას ჯერ კიდევ 13 წლის წინ ფიქრობდა.