ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ სვეტლანა ციხანოვსკაიას ბელარუსის დატოვების გარდა, სხვა არჩევანი არ ჰქონდა
ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ სვეტლანა ციხანოვსკაიას ბელარუსის დატოვების გარდა, სხვა არჩევანი არ ჰქონდა

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ სვეტლანა ციხანოვსკაიას მიერ დღეს გავრცელებული ვიდეომიმართვა ბელარუსშია ჩაწერილი.

ლინკევიჩუსის თქმით, ციხანოვსკაიას ქვეყნის დატოვების გარდა, სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

ლინკევიჩუსი ამბობს, რომ ციხანოვსკაიას გეგმების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობს.

„ის თავად გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს სამომავლოდ. შესაძლოა, მედიასაშუალებებს დაუკავშირდეს. არსებობს ამისი მოთხოვნა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი მოხდება იძულების გარეშე“, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.

ინტერნეტში ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას მორიგი ვიდეომიმართვა გავრცელდა. ვიდოეჩანაწერს ბელარუსული სააგენტო Tut.by ავრცელებს.​ ციხანოვსკაია ტექსტს კითხულობს და მხარდამჭერებს მოუწოდებს, აღარ გავიდნენ ქუჩებში, გამოიჩინონ კეთილგონიერება და პატივი სცენ კანონს.

მანამდე, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ არავის უსურვებს ისეთი არჩევანის წინაშე დადგომას, რომლის წინაშეც ის აღმოჩნდა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მასზე გავლენა არ მოუხდენიათ არც საარჩევნო შტაბიდან, არც მეგობრებსა და არც მის მეუღლეს, სერგეი ციხანოვსკის.

სვეტლანა ციხანოვსკაია ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება.