ლიგა2-ში პირველი წრე დასრულდა
ლიგა2-ში პირველი წრე დასრულდა

ეროვნულ ლიგა2-ში სამი შეხვედრა გაიმართა და ამით მე-9 ტური და პირველი წრე დასრულდა.

კასპის ცენტრალურ სტადიონზე თბილისის „შევარდენი 1906“-მა „რუსთავს“ უმასპინძლა, რომელიც თემურ მახარაძემ ჩაიბარა და სადებიუტო შეხვედრაში მისმა გუნდმა 0:2 მოიგო. გამარჯვებულებიდან გოლები ვლადისლავ ლიუბკომ (6) და თომა ტაბატაძემ (14) გაიტანეს.

დუშეთის „არაგვმა“ ბოლნისის „სიონთან“ ქულა მოიპოვა 1:1. „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მე-4 წუთზე პენალტით ანგარიში სტუმართა ნახევარმცველმა, თამაზ ბაბუნაძემ გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში 71-ე წუთზე დუშელთა თავდამსხმელმა ნიკა ხინთიბიძემ დააფიქსირა 1:1.

განმუხურში ზუგდიდის „დინამომ“ „ვიტ ჯორჯია“ 5:2 დაამარცხა და მე-8 ადგილზე დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი სტუმრებმა 1:2 მოიგეს: მასპინძელ ლუკა გუგუჩიას გოლს (მე-4 წუთი, პენალტი), „ვიტ ჯორჯიამ“ თორნიკე მუზაშვილისა (21) და ზურაბ მუსელიანის (44) ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა. ზუგდიდელებმა უპირატესობა მატჩის ბოლო მესამედში მოიპოვეს. დათა სიჭინავამ დუბლი (61, 90+4) შეასრულა, 1-1 გოლი კი ზაურ ხაბეიშვილმა (67) და გიორგი ჭანუყვაძემ (83) გაიტანეს.

ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი:

1. შუქურა – 18

2. მერანი – 15

3. გაგრა – 13

4. სამგურალი – 13

5. სიონი – 13

6. რუსთავი – 13

7. ვიტ ჯორჯია – 12

8. დინამო ზგ – 9

9. შევარდენი – 9

10. არაგვი – 4