ლიგა 2-ის ტური სტუმართა დომინაციით მიმდინარეობს
ლიგა 2-ის ტური სტუმართა დომინაციით მიმდინარეობს

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მე-4 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა და ისევ როგორც პირველ სათამაშო დღეს, ამჯერადაც სტუმრებმა გაიმარჯვეს.

ბოლნისის „სიონმა“ „თამაზ სტეფანია – არენაზე“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ანგარიში სტუმრებმა მე-20 წუთზე გახსნეს – ზურაბ მუსელიანმა პენალტი ზუსტად გამოიყენა, ხოლო 45+2-ე წუთზე ვასილ ქისიევმა „ვიტ ჯორჯიას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. ბოლნისელებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს – მე-80 წუთზე ლაშა უგრეხელიძემ სტუმართა კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:2.

„შევარდენი 1906“-მა მარტვილის „მერანს“ მუხიანის სპორტული კომპლექსში უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა. მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა. ლევან წოწონავამ მასპინძელთა კარი პირველად 48-ე წუთზე აიღო, მისი გადაცემით 53-ე წუთზე „მერანის“ უპირატესობა გაზარდა ამირან როხვაძემ, რომელმაც 75-ე წუთზე დუბლი შეასრულა და „მერანმა“ გასვლაზე დამაჯერებლად გაიმარჯვა – 0:3.

მე-4 ტურში უკვე ოთხი მატჩი გაიმართა და ოთხივე სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. „მერანმა“ ცხრა ქულა დააგროვა, ლიდერ ქობულეთის „შუქურას“ სამი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „ვიტ ჯორია“ შვიდი ქულით მესამეზეა.

მე-4 ტური წყალტუბოს „სამგურალისა“ და ზუგდიდის „დინამოს“ მატჩით დასრულდება, რომელიც 22 ივლისს, ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.