ლიგა 2-ში პირველი ტური დასრულდა - ყოფილი ჩემპიონების დაპირისპირება უგოლოდ დამთავრდა #1TVSPORT
ლიგა 2-ში პირველი ტური დასრულდა - ყოფილი ჩემპიონების დაპირისპირება უგოლოდ დამთავრდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი ტურის მატჩები დასრულდა. დღეს პირველი ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა.

თუ პირველი სათამაშო დღე უხვგოლიანი გამოდგა (სამ მატჩში 12 გოლი გავიდა, საშუალოდ ოთხი გოლი თამაშში), ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაცილებით ნაკლებშედეგიანი იყო – ამჯერად გუნდებმა მხოლოდ ორი გოლის გატანა მოახერხეს.

საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე „გარეჯმა“ ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა – 1:1. მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს – მეტოქის კარი მე-14 წუთზე გიორგი ხარებაშვილმა აიღო, მაგრამ შესვენებამდე (45-ე წუთზე) ზუგდიდელთა ლეგიონერმა, სამხრეთ აფრიკელმა თავდამსხმელმა მელქისედეკ ცვალემ საგარეჯოელებს გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

გლდანის საფეხბურთო ცენტრში ერთმანეთს საქართველოს ორი ყოფილი ჩემპიონი დაუპირისპირდა, რომლებიც ლიგა 2-ში არიან დაქვეითებულები. „ვიტ ჯორჯიამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და ეს მატჩიც ფრედ დასრულდა, მაგრამ გუნდებმა გატანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ, 0:0 დამთავრდა.

ამჯერადაც, ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებმა მატჩის დაწყებამდე მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი ბანერები გამოფინეს და აგრესორი რუსეთისგან ომის შეწყვეტა მოითხოვეს.

პირველი ტურის შედეგები

შევარდენი 1906 – შუქურა 2:6

მერანი მრ – რუსთავი 3:2

მერანი თბ – სპაერი 1:0

გარეჯი – დინამო ზგ 1:1

ვიტ ჯორჯია – სამტრედია 0:0