ლიგა 2-ში მორიგი ტური დასრულდა
ლიგა 2-ში მორიგი ტური დასრულდა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში ორი შეხვედრა გაიმართა, ორივეში ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა და ამით 26-ე ტური დასრულდა.

მარტვილის „მერანმა“ „ცხინვალს“ უმასპინძლა. ანგარიში 19-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ნიკა ხინთიბიძემ გახსნა. სტუმრებმა თამაშის გადარჩენა ბოლო წამებზე მოახერხეს. 90+3-ე წუთზე თავი “ცხინვალის” ნახევარმცველმა ლუკა ვარძელაშვილმა გამოიჩინა და მატჩი 1:1 დასრულდა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრას “დავით პეტრიაშვილი-არენამ” უმასპინძლა – „გაგრამ“ გათამაშების ლიდერი, ბათუმის „დინამოს“ მიიღო. 68-ე წუთზე მეტოქის კარი ეფექტური შორეული დარტყმით ბათუმელთა ნახევარმცველმა ლადო მამუჩაშვილმა აიღო. “გაგრამ” წონასწორობა რვა წუთში რატი ცაცკრიალაშვილის დარტყმით აღადგინა და აქაც 1:1.

ბათუმის “დინამომ” 52 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და 10 ქულით უსწრებს „ვიტ ჯორჯიას“ და „თელავს“, რომლებიც 42-42 ქული მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. „ნორჩი დინამო“ (41) მეოთხეზეა, ხოლო “გაგრა” (40) – მეხუთეზე.