ლიგა 2-ის ტურში მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა - „შუქურა“ უდანაკარგოდ ლიდერობს #1TVSPORT
ლიგა 2-ის ტურში მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა - „შუქურა“ უდანაკარგოდ ლიდერობს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე ტურის ერთადერთი მატჩი გაიმართა – „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ „სამტრედიამ“ გათამაშების ლიდერს, ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე გავიდა. კუთხურის მოწოდების შემდეგ ლევან ინგოროყვამ თავური დარტყმით სცადა „სამტრედიას“ კარის აღება, მაგრამ მასპინძელთა ნახევარმცველმა შალვა ექვთიმიშვილმა ბურთი ხელით შეაჩერა და დაინიშნა პენალტი, რომელიც თავად ინგოროყვამ გამოიყენა და „შუქურას“ გამარჯვება მოუტანა 0:1.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგა 2-ში, 13 და 14 მარტს გასამართი 4 შეხვედრა დიდთოვლობის გამო გადაიდო – 13 მარტს დაგეგმილი თამაში თბილისის „შევარდენი 1906“-სა და ზუგდიდის „დინამოს“ შორის, ასევე „ვიტ ჯორჯიასა“ და „სპაერის“ მატჩი, ხოლო 14 მარტს „გარეჯი“ – „რუსთავის“ და თბილისისა და მარტვილის „მერანის“ დაპირისპირება. აღნიშნულ გუნდებს შორის მესამე ტურის გადადებული თამაშები 25 მარტს გაიმართება.

ანალოგიური მიზეზით ეროვნულ ლიგაში 9 მარტს დაგეგმილი „თელავი“- „სამგურალის“ მატჩი გადაიდო, ხოლო 13 მარტს – „ტორპედო“ – „ლოკომოტივი“.