ლიგა 2-ის ლიდერი „შუქურა“ პირველად დამარცხდა, „სამგურალი“ მეორეზე დაწინაურდა
ლიგა 2-ის ლიდერი „შუქურა“ პირველად დამარცხდა, „სამგურალი“ მეორეზე დაწინაურდა

ეროვნულ ლიგაში 2-ში მე-8 ტურის შეხვედრები დასრულდა. სამი მატჩი გაიმართა, რომლებიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა.

წყალტუბოს „სამგურალმა“ „26 მაისი-არენაზე“ თბილისის „შევარდენი 1906“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. ანგარიში 54-ე წუთზე ლევან ქურდაძემ გახსნა, საბოლოო ანგარიში კი 77-ე წუთზე სტუმართა მცველის, თომა ხუბაშვილის ავტოგოლით დაფიქსირდა.

„დავით პეტრიაშვილი-არენაზე“ „ვიტ ჯორჯიამ“ ლიდერი ქობულეთის „შუქურა“ მიიღო და სეზონში პირველი მარცხი აგემა – 1:0. ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე პენალტით მასპინძელთა თავდამსხმელმა ზურაბ მუსელიანმა გაიტანა.

დაბოლოს: მუხიანის სპორტული კომპლექსში ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთა დაპირისპირება გაიმართა – „გაგრამ“ კონკურენტი მარტვილის „მერანი“ მიიღო და ქულები გაინაწილა 1:1. შეხვედრა დაძაბული და ნერვული გამოდგა. ორივე გუნდს მოთამაშე გაუძევეს: 38-ე წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა ამირან როხვაძემ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, ხოლო 56-ე წუთზე „გაგრას“ თავდამსხმელმა გიორგი ივანიაძემ მოედანი მეორე ყვითელი ბართის გამო დატოვა. ანგარიში ამის შემდეგ გაიხსნა – 76-ე წუთზე სტუმართა კარი ივანე ხაბელაშვილმა აიღო. მარტვილელებმა კი 81-ე წუთზე გიორგი ქურდაძის გოლით ქულა გადაარჩინეს.

8 ტურის შემდეგ „შუქურა“ 17 ქულით ისევ გათამაშების ლიდერია. „სამგურალმა“ 13 ქულა დააგროვა და „გაგრასთან” ერთად მეორე-მესამე ადგილებზე დაწინაურდა. რაც შეეხება აუტსაიდერებს – ზუგდიდის „დინამო“ 6 ქულით მე-9 პოზიციაზეა, ხოლი ბოლო, მე-10 ადგილს 3 ქულით დუშეთის „არაგვი“ იკავებს.