ლიგა 1-ში გატანილი გოლებით მიქაუტაძე გურულს დაეწია #1TVSPORT
ლიგა 1-ში გატანილი გოლებით მიქაუტაძე გურულს დაეწია #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა1-ში გამართულ 32 ტურში „მეცის“ თავდამსხმელმა, გიორგი მიქუატაძემ „რენს“ გაუტანა და სეზონში 12 გოლი დაუგროვდა – ამით გაიმეორა ის შედეგი, რომელიც საფრანგეთში ქართველებს შორის გია გურულს ეკუთვნოდა.

აქამდე საფრანგეთში ბევრ ქართველს არ უთამაშია. გოლების მხრივ რეკორდსმენი გია გურული იყო, რომელიც 1992-94 წლებში „ჰავრში“ თამაშობდა და 48 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მიქაუტაძემ კი ეს ერთ არასრულ სეზონში მოახერხა.

გია გურული თბილისის „დინამოს“ დუბლებში 1981 წელს ჩაირიცხა. „დინამოს“ მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად 1982 წელს ითამაშა. 1983 წელს საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში იტალიაში სან რემოს საერთაშორისო ტურნირი მოიგო და საუკეთესო ბომბარდირის პრიზიც მოიპოვა.

„იბერიასთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პოლონეთში, „კატოვიცეში“ თამაშისას ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს და კლუბის მე-20 საუკუნის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 1994 წლის 22 თებერვალს ისრაელის წინააღმდეგ, სულ კი სამი მატჩი აქვს ჩატარებული.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ერთი პერიოდი სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. მას ბათუმის „დინამოში“, ხობის „კოლხეთსა“ და ქობულეთის „შუქურაში“ აქვს ნამუშევარი. 2004–2005 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალენ ჟირესის თანაშემწე იყო.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ გულშემატკივრებმა აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ გიორგი მიმდინარე სეზონში ფრანგულ კლუბში მხოლოდ 5 თვეა, თამაშობს და სამჯერ (აგვისტოში, თებერვალში და აპრილში) თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 4 საგოლე პასია.