ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროკავშირს ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებისთვის არანაირი მიზეზი არ აქვს

01:09, 22.09.2026

ევროკავშირს ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებისთვის არანაირი მიზეზი არ აქვს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა.

როგორც ბუდრისმა „როიტერთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლება კვლავ ახორციელებს რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ, არღვევს ადამიანის უფლებებს და მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვასთან დაკავშირებით მასშტაბურ გარიგებაზე მუშაობს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვირჩევნია, სანქციების პოლიტიკა კოორდინირებული იყოს, რადგან ეს ყველაზე ეფექტური გზაა. თუმცა, ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა გარკვეულწილად განსხვავებულია. ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რატომ უნდა შევარბილოთ ბელარუსის მიმართ ჩვენი პოზიცია, რადგან ბელარუსი ქცევას არ ცვლის“, – განაცხადა ბუდრისმა.

როგორც „როიტერი“ წერს, კალიუმის სასუქი ბელარუსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია და მისი სექტორი ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება. ამასთან, ბუდრისის განცხადებით, ევროკავშირმა ბელარუსისა და რუსეთის ხელისუფლებებზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს და სანქციები ძალაში დატოვოს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ლუკაშენკო სანქციებისგან თავის დასაღწევ გზებს ეძებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ეს ზეწოლა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი მხრიდან საჭიროა, ვიყოთ ძალიან ზუსტი და გავაგრძელოთ ის, რაც მუშაობს და ეს რეჟიმზე ზეწოლაა“, – განაცხადა ბუდრისმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბელარუსი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებს. ბუდრისმა მაგალითად მიგრაციული ნაკადების „იარაღად გამოყენება“ დაასახელა, რაც, მისი თქმით, განსაკუთრებით ლიეტუვაზე, პოლონეთსა და ლატვიაზე აისახება.

მსგავსი