ლიეტუვის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს ნაკრების პრესინგმა მთელ მოედანზე ძალიან დაგვაბნია #1TVSPORT
ლიეტუვის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს ნაკრების პრესინგმა მთელ მოედანზე ძალიან დაგვაბნია #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ილიას ზუროსის გუნდი კაუნასში ლიეტუვის ნაკრებთან უკანასკნელ წამზე გაშვებული ორქულიანით, ანგარიშით 102:104 დამარცხდა.

კაზის მაკსვიტისმა, ლიეტუვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შეფასებისას აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი მოულოდნელობა მისთვის და მისი გუნდისთვის საქართველოს ნაკრების პრესინგი იყო მთელ მოედანზე.

სწორედ აქტიური პრესინგის დახმარებით, ქართველმა კალათბურთელებმა შეხვედრის მეორე ნახევარში ლიეტუველთა დიდი უპირატესობის აღმოფხვრა მოახერხეს და მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე მაკფადენის სამქულიანით ანგარიშიც გაათანაბრეს.

„დასაწყისი კარგი იყო, სამი მეოთხედის მანძილზე ვდომინირებდით, თუმცა უკანასკნელ მეოთხედში პრობლემები დაგვეწყო. 100 ქულაზე მეტის ჩაგდება კარგია, თუმცა საკუთარ კალათშიც 100-ზე მეტი მივიღეთ. მიხარია, რომ მსგავსი ტიპის თამაში გამოვიდა, რადგან ახლა ზუსტად ვიცით, რა კომპონენტის გაუმჯობესებაზე უნდა ვიმუშაოთ. უპირველესად, დაცვაში თამაშია გასაუმჯობესებელი.

როცა დაბალი ხუთეულით ვთამაშობდით, მეტოქე უკეთესი იყო. ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო საქართველოს ნაკრების პრესინგი მთელ მოედანზე, ამან დაგვაბნია. სასიამოვნოა, რომ ეს ახლა მოხდა და სიტუაციის ანალიზისთვის დრო გვაქვს. ამხანაგური მატჩები ზუსტად იმისთვისაა, რომ შენს თამაშში ხარვეზები დაინახო და მის გამოსწორებაზე იფიქრო“, – განაცხადა ლიეტუვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

მსოფლიო პირველობისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ილიას ზუროსის გუნდი მორიგ შეხვედრას 5 აგვისტოს, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.