ლიეტუვის ელჩი - ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ხსნის საზღვრებს ხუთი ქვეყნისთვის, ბევრ ტურისტს უნდა საქართველოში მოგზაურობა და ამ ულამაზესი ქვეყნის მონახულება
ლიეტუვის ელჩი - ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ხსნის საზღვრებს ხუთი ქვეყნისთვის, ბევრ ტურისტს უნდა საქართველოში მოგზაურობა და ამ ულამაზესი ქვეყნის მონახულება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიედრიუს პოუჯუნასთან.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და ლიეტუვის ურთიერთობების გამყარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საუბარი შეეხო, ელჩის მუშაობის პერიოდში საქართველოსა და ლიეტუვაში განხორციელებულ არაერთ მაღალი დონის ვიზიტსა და ღონისძიებას. მინისტრმა სიამოვნებით აღნიშნა, ლიეტუვის და პირადად ელჩის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში აღმოჩენილი პრაქტიკული დახმარება.

გიედრიუს პოუჯუნასმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მინისტრს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოში და ლიეტუვაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო იმ 15 ქვეყნის სიაში მოხვდა, რომელთაც ევროკავშირმა საზღვრები გაუხსნა, რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტურია. ელჩმა თავის მხრივ დასძინა, რომ მოხარულია, საქართველო ლიეტუვის მოქალაქეებისთვის ხსნის საზღვრებს და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პოზიტიურად აისახება საქართველოში ლიეტუველი ტურისტების ნაკადის ზრდაზე.

„ჩემი მისია დასასრულს მიუახლოვდა. ეს იყო ჩვენს მოძმე ერებს შორის ძალიან ინტენსიური მუშაობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის ხუთი წელი. ეს ურთიერთობები ნამდვილად გამორჩეულია, როგორც სახელმწიფოებს, ასევე ხალხებს შორის. მე ვცდილობდი ვყოფილიყავი კრეატიულიც და ნორმატიულიც, დავხმარებოდი საქართველოს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.

ეს ნამდვილად იყო ძალიან საინტერესო პერიოდი და ბუნებრივია, ძალიან მწყდება გული, რომ მიწევს ასეთი მეგობრული და ლამაზი ქვეყნის დატოვება, მაგრამ ეს ჩვენი დიპლომატიური ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

რასაკვირველია, მოხარული ვარ, რომ ევროპის საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველო შეტანილი იქნას 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში. დღეს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ საქართველო ხსნის საზღვრებს ხუთი ქვეყნისთვის, რაც ნამდვილად ძალიან სასიხარულია, ვინაიდან ბევრ ტურისტს სურს საქართველოში მოგზაურობა და ამ ულამაზესი ქვეყნის მონახულება. ტურისტები ასევე სჭირდება საქართველოს ეკონომიკასაც. ძალიან კარგია, რომ ამ ურთულესი პერიოდის შემდეგ, ქვეყანა ეტაპობრივად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – აცხადებს გიედრიუს პოუჯუნასი.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.