ლიეტუვაში კარანტინი წლის ბოლომდე გახანგრძლივდა
ლიეტუვაში კარანტინი წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

ლიეტუვაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აურელიუს ვერიგა აცხადებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია არ უმჯობესდება, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ამიტომ ზომების გამკაცრება აუცილებელია.

როგორც „გარდიანი“ წერს, ახალი ზომების მიხედვით, რომელიც ძალაში 9 დეკემბრიდან შევა, იკრძალება ორზე მეტი ოჯახის ერთად შეკრება. მთავრობამ დამსაქმებლებს მოუწოდა, დასაქმებულები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ. რაც შეეხება მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებს, ახალი ზომების მიხედვით, ისინი მომხმარებლებს შეზღუდული რაოდენობით მიიღებენ.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ლიეტუვაში „კოვიდ-19“-ის 76 036 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 637 ადამიანი.