„ლიდსის“ მეკარე კიკო კასილია რასიზმისთვის რვა მატჩით არის დისკვალიფიცირებული
„ლიდსის“ მეკარე კიკო კასილია რასიზმისთვის რვა მატჩით არის დისკვალიფიცირებული

„ლიდს იუნაიტედის“ მეკარემ კიკო კასილიამ მეტოქე ფეხბურთელის მიმართ რასისტული გამონათქვამის გამო, რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

„კიკო კასილია დამნაშავედ არის მიჩნეული 2019 წლის სექტემბერში, „ჩარლტონთან“ მატჩის დროს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წესების დარღვევისთვის. საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით, კასილიას რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. გვინდა ყველამ იცოდეს, რომ ვგმობთ დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას. მაგრამ, ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კასილია ყოველთვის უარყოფდა რაიმე რასისტულ კომენტარს მისი მხრიდან. საფეხბურთო ასოციაცია ეფუძნება დანაშაულის ალბათობას და არა მტკიცებულებებს”, – წერია „ლიდსის“ განცხადებაში.

„დათრგუნული ვარ იმის გამო, რომ ვითომდა რასისტული კომენტარისთვის დამსაჯეს. მინდა მკაფიოდ და ღიად მივანიშნო ჩემი პოზიცია: რასიზმთან შეგუება არ შეიძლება. ეს ხუთი თვე ყველაზე რთული იყო ჩემს პროფესიულ კარიერაში და არ მიმაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ასახავს იმას, რაც რეალურად მოხდა“, – დაწერა კასილიამ „ტვიტერში“.

კასილია „ლიდსის“ ძირითადი მეკარეა. ეს გუნდი მეორე ადგილზეა ჩემპიონშიფში. ესპანელმა მეკარემ წელს 35 მატჩი ჩაატარა, აქედან 15-ში გოლი არ გაუშვა.