ლიდერთა ბრძოლა „საბურთალომ“ მოიგო - „ტორპედო“ ფინანსურმა კრიზისმაც დაამარცხა
ლიდერთა ბრძოლა „საბურთალომ“ მოიგო - „ტორპედო“ ფინანსურმა კრიზისმაც დაამარცხა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-13 ტურის პირველი მატჩი წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართა – ერთმანეთს გათამაშების ლიდერები დაუპირისპირდნენ. ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და დამარცხდა.

აშკარაა, რომ ფინანსურმა პრობლემებმა „ტორპედოს“ მოთამაშეებს ცუდი დაღი დაასვა და ისინი მოედანზე ისეთი მონდომებითა და ჟინით არ გავიდნენ, როგორც ამ გუნდისგან გულშემატკივრები ელოდნენ. ამით „საბურთალომ“ კარგად ისარგებლა – სტუმრებმა მერვე წუთზე ანგარიში გახსნეს. ვაგნერ გონსალვესმა საჯარიმოში ბურთი სანდრო ალთუნაშვილს გააყოლა, რომელმაც მცველები იოლად ჩამოიტოვა და სტუმრები დააწინაურა – 0:1. ქუთაისელებმა 32-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა მოახერხეს – თენგიზ წიქარიძის პასით ბუდუ ზივზივაძემ ისარგებლა და ზუსტი თავური დარტყმით სტუმართა კარი აიღო – 1:1. თუმცა, შესვენებამდე ლაშა შინდაგორიძემ მასპინძელთა კარის ბადე მეორედ შეარხია – 1:2.

მეორე ტაიმში ოლეკსანდრ აზაცკიმ (56) ავტოგოლი გაიტანა და „საბურთალოს“ უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა – 1:3. ოთხ წუთში თორნიკე კაპანაძემ სხვაობა მინიმალურამდე შეამცირა და მოედანზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. მაგრამ მოქმედმა ჩემპიონმა გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვა. 81-ე წუთზე ოგნიენ როლოვოჩს „საბურთალოს“ ორბურთიანი უპირატესობის აღდგენაც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ჩერნოგორიელმა თავდამსხმელმა რეალური საგოლე მომენტი გაანიავა.

საბოლოოდ, შეხვედრა „საბურთალოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა. „ტორპედო“ 23 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, ხოლო „საბურთალო“ (27) გალიდერდა და ისევ გადაასწრო ბათუმის „დინამოს“ (25), რომელიც ხვალ, 15 მაისს გორში „დილას“ დაუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ შინდაგორიძემ შვიდი გოლი გაიტანა და ბომბარდირთა ბრძოლაში თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელ ლევან კუტალიას დაეწია, ხოლო „სიონის“ შემტევ ჯაბა უგულავასთან ჩამორჩენა ერთი გოლამდე შეამცირა.