ლიდერის მოულოდნელი მარცხი რუსეთში, ბასკონიამ ოვერტაიმში წააგო (ვიდეო)
ლიდერის მოულოდნელი მარცხი რუსეთში, ბასკონიამ ოვერტაიმში წააგო (ვიდეო)

საკალათბურთო „ევროლიგაზე“ 17-ე ტურის რამდენიმე მატჩი დასრულდა. გათამაშების ლიდერმა და ტურნირის ერთერთმა მთავარმა ფავორიტმა, სტამბოლის „ფენერბახჩემ“, რუსულ „ხიმკისთან“ წააგო. „არენა მიტიშიზე“ გამართული მატჩი, სტამბოლელებმა კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი ათი ქულის სხვაობით მოიგეს. ამის შემდეგ, მასპინძლებმა მეთოდურად დაიწყეს მეტოქესთან მიახლოვება და იმდენი მოახერხეს, რომ თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. ენტონი გილის და სტეფან მარკოვიჩის კარგი თამაშის წყალობით, ოვერტაიმში „ხიმკიმ“ მოიგო. თამაშის საფინალო ანგარიშია 84-78. აღსანიშნავია, რომ რუსულმა კლუბმა, კვლავ მთავარი ვარსკვლავის და ლიდერის, ალექსეი შვედის გარეშე მოახერხა გამარჯვების მოპოვება. გეორგიოს ბარძოკასის გუნდი პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის. ფენერბახჩემ, მარცხის მიუხედავად, სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

თორნიკე შენგელიას გარეშე მოასპარეზე, „ბასკონიამ“ რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში, „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ, დასანანი მარცხი განიცადა. ბოლო მეოთხედის წინ, ესპანური კლუბი 7 ქულის სხვაობით იგებდა. ბერძნებმა ბოლომდე იბრძოლეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. ხუთწუთიანი მონაკვეთი პირეოსელებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს და 91-87 გაიმარჯვეს. „ოლის“ ზაკ ლიდეიმ (23 ქულა) და კოსტას პაპანიკოლაუმ (22 ქულა) ულიდერეს. საქართველოს ნაკრებისა და „ბასკონიას“ უკანახაზელმა, მეტ ჯენინგმა, შეხვედრა 8 ქულით და 5 პასით დაასრულა. ვიტორიელები ჯერჯერობით მეათე ადგილზე იმყოფებიან.

დღესვე, კაუნასის „ჟალგირისმა“ საკუთარ „ჟალგირის არენაზე“ სტამბოლის „ეფესთან“ 21 ქულის სხვაობით დათმო მატჩი, ანგარიშით 58-79.