ლიდერებმა მოიგეს, „ტორპედომ“ წააგო, „ლოკომოტივი“ ისევ უქულოდაა [ვიდეო] #1TVSPORT
ლიდერებმა მოიგეს, „ტორპედომ“ წააგო, „ლოკომოტივი“ ისევ უქულოდაა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-15 ტური დაიწყო. თამაშები წყალტუბოსა და საგურამოში გაიმართა – ლიდერებმა აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებთან გაიმარჯვეს.

თუ „დინამო თბილისის“ „ლოკომოტივთან“ მოგება გასაკვირი არ იყო, მოულოდნელი აღმოჩნდა ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ანგარიშით წაგება – გუნდი წყალტუბოს „26 მაისი არენაზე“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „სამგურალს“ ესტუმრა, მაგრამ მოსალოდნელი ბრძოლა არ შედგა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებმა სასურველ შედეგს უსწრაფესი შეტევებით მიაღწიეს. ანგარიში სწრაფად გაიხსნა – 53-ე წუთზე ქუთაისელთა კარი დემურ ჩიხლაძემ აიღო, „სამგურალის“ უპირატესობა 65-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდომ გაზარდა, ხოლო 82-ე წუთზე მესამედ „ტორპედოს“ მამია გავაშელიშვილმა გაუტანა და წყალტუბოელებმა 3:0 გაიმარჯვეს.

საგურამოს „ლოკო – არენაზე“ „ლოკომოტივმა“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ანგარიში 45+3-ე წუთზე პენალტით გიორგი მოისწრაფიშვილმა გახსნა, საბოლოო შედეგი კი ანზორ მექვაბიშვილმა ეფექტური შორეული დარტყმით 65-ე წუთზე დააფიქსირა – 0:2 „დინამოს“ სასარგებლოდ.

15 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ და „სამგურალმა“ 29-29 ქულა დაგროვეს და მეორე-მესამე ადგილს იყოფენ, ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ კი ჩამორჩენა (31) შეამცირეს, „ტორპედო“ (15) მე-8 ადგილზე დარჩა, ხოლო „ლოკომოტივი“ უქულოდ კვლავ ბოლო პოზიციაზეა.