ლიდერების მძიმე დღე ეროვნული ლიგაში - „დინამო თბილისი“ „საბურთალოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ლიდერების მძიმე დღე ეროვნული ლიგაში - „დინამო თბილისი“ „საბურთალოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ – „საბურთალო“ 1:3

გოლები: 1:0 მარუშიჩი (23 მოისწრაფიშვილის პასით), 1:1 ტაბატაძე (55), 1:2 გიზო მამაგეიშვილი (70 ტაბატაძის პასი), 1:3 სილა (90+2 ციცქიშვილის პასით)

გაძევება: ტაბიძე (68, „დინამო“)

ეროვნული ლიგის მე-9 ტური წარუმატებელი გამოდგა ლიდერებისთვის. ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა, ხოლო „დინამო თბილისი“ გორში „საბურთალოს“ დაუპირისპირდა და უხერხულ მეტოქესთან დამარცხდა.

„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში მასპინძლებმა 23-ე წუთზე გახსნეს. გიორგი მოისწრაფიშვილის კარგი გადაცემით ზორან მარუშიჩმა ისარგებლა, ძლიერი დარტყმით „საბურთალოს“ კარი აიღო და მოქმედმა ჩემპიონმა ტაიმი 1:0 მოიგო.

„საბურთალომ“ მეორე ნახევარში უკეთ ითამაშა და მეტოქეს აჯობა. 55-ე წუთზე იური ტაბატაძემ „მაკრატელა“ დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 68-ე წუთზე კი „დინამო“ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა – ჯიმი ტაბიძემ შეიკნე სილას წინააღმდეგ იუხეშა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა. მას წითელი ბარათი აჩვენეს და „დინამო“ კაცნაკლული დარჩა.

„საბურთალომ“ რიცხობრივი უპირატესობით სწრაფად ისარგებლა. დანიშნული ჯარიმა ტაბატაძემ ორიგინალურად გაათამაშა, დარტყმის იმიტაცია გააკეთა და გიზო მამაგეიშვილს უპასა, მან კი ძლიერი დარტყმით სტუმრები დააწინაურა. დამატებულ დროში ზაზა ციცქიშვილმა გადაცემა ჩაჭრა და შორეული გადაცემით მეკარესთან პირისპირ შეიკნე სილა დატოვა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3 „საბურთალოს“ სასარგებლოდ.

ცხრა ტურის შემდეგ 15 ქულით „საბურთალო“ მეოთხე პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო „დინამომ“ (20) პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა.