ლიცენზირების პროცესი დასრულდა - საკლუბო ტურნირების მონაწილეებმა სერთიფიკატები მიიღეს #1TVSPORT
ლიცენზირების პროცესი დასრულდა - საკლუბო ტურნირების მონაწილეებმა სერთიფიკატები მიიღეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ათმა და ქალთა ლიგის საუკეთესო სამმა კლუბმა მონაწილეობა მიიღო უეფა-ს 2022/2023 წლების სეზონის ლიცენზირების პროცესში.

„წარმოდგენილი დოკუმენტების და ექსპერტების შეფასებების საფუძველზე, ლიცენზირების კომიტეტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილებები, რომლებიც ეცნობა ფეხბურთის კლუბებს და უეფას. უნდა აღინიშნოს, რომ უეფას 2022/2023წწ. საკლუბო ტურნირებზე სპორტული შედეგით გასულმა კლუბებმა წარმატებით დაასრულეს ლიცენზირების პროცესი და სფფ-ის მიერ გაცემული უეფას ლიცენზიის საფუძველზე დაიშვებიან ევროტურნირებზე“- ინფორმაციას სფფ ავრცელებს.

სფფ-ის მიერ გაცემული უეფა-ს ლიცენზიის საფუძველზე ევროტურნირებზე დაიშვებიან ვაჟთა საფეხბურთო კლუბები – ბათუმის „დინამო“, „დინამო თბილისი“, გორის „დილა“ და „საბურთალო“, ხოლო ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე – ქვეყნის ჩემპიონი ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი”.

სფფ-ს ცნობით, ლიცენზიების გაცემის შემდეგ, 2022/2023წწ. სეზონის განმავლობაში, კლუბების მიერ ლიცენზირების მოთხოვნების უწყვეტად შესრულების მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს.