ლიბიაში შეიარაღების შეტანის დასაბლოკად ევროკავშირი ახალი მისიის შექმნაზე შეთანხმდა
ლიბიაში შეიარაღების შეტანის დასაბლოკად ევროკავშირი ახალი მისიის შექმნაზე შეთანხმდა

ლიბიაზე გაერო-ს მიერ დაწესებული შეიარაღების ემბარგოს მონიტორინგის მიზნით, ევროკავშირი ახალი სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნაზე შეთანხმდა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, ახალი მისია ლიბიაში შეიარაღების შეტანის დაბლოკვას ისახავს მიზნად.

ახალი მისია 2015 წელს დაწყებულ ოპერაცია „სოფიას“ ჩაანაცვლებს, რომლის მთავარი ამოცანა ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ადამიანების ტრეფიკინგის შეჩერება იყო. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი სამხედრო-საზღვაო მისია მარტის ბოლოსთვის ამოქმედდება.

ევროკავშირის მისიის დეტალები საბოლოოდ მომავალ კვირებში შეთანხმდება, თუმცა ცნობილია, რომ საჰაერო, სატელიტური და საზღვაო დონეები ექნება. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ თქვა, რომ ლიბია ევროპას მიგრაციის და ტერორიზმის საფრთხეს უქმნის.

ლიბიაში გაერო-სგან აღიარებულ მთავრობას, ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი უპირისპირდება, რომელსაც ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის აღება სურს.