ლიბერტადორესის თასის ფინალის გამართვის ადგილი შეიცვალა
ლიბერტადორესის თასის ფინალის გამართვის ადგილი შეიცვალა

სამხრეთ ამერიკის საკლუბო ტურნირის, ლიბერტადორესის თასის ფინალი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს ნაცვლად, პერუს დედაქალაქ ლიმაში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება კონტინენტის საფეხბურთო ასოციაციამ, „კონმებოლმა“, ჩილეში მიმდინარე საპროტესტი აქციების გამო მიიღო. გარდა ამისა, სანტიაგოს სამი პოპულარული საფეხბურთო კლუბის – „უნივერსიდად კატოლიკას“, „უნიონისა“ და „კოლო კოლოს“ გულშემატკივრები მატჩის ბოიკოტირებითა და სტადიონის სიახლოვეს საპროტესტო მსვლელობების მოწყობით იმუქრებოდნენ.

ლობერტადორესის თასის ფინალში წელს არგენტინული „რივერ პლეიტი“ და ბრაზილიური „ფლამენგო“ ითამაშებენ. მატჩი ლიმას „ესტადიო მონუმენტალზე“ 23 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ლიბერტადორესის თასის ფინალს შარშანაც შეექმნა პრობლემები, როდესაც განმეორებითი ფინალური მატჩი არგენტინულ „რივერ პლეიტსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის ორჯერ ჩაიშალა და საბოლოოდ კონმებოლმა მატჩის ჩატარების ადგილად მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონი აირჩია.