„ლევანტეს“ მწვრთნელი - ქოჩორაშვილი მეომარია და იზრდება, მასთან მუშაობით ბედნიერი ვარ #1TVSPORT
„ლევანტეს“ მწვრთნელი - ქოჩორაშვილი მეომარია და იზრდება, მასთან მუშაობით ბედნიერი ვარ #1TVSPORT

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი კალეხამ ლა ლიგა 2-ში „მირანდესთან“ ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაზე ისაუბრა, გიორგი ქოჩორაშვილი გამოარჩია და გუნდში არსებული მუდმივი ტრავმების პრობლემები ახსენა.

ლა ლიგა 2-ის მე-14 ტურში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მეორე გოლი ეფექტური საჯარიმო დარტყმით გაიტანა და ცხრა კაცით დარჩენილ „ლევანტეს“ ურთულეს შეხვედრაში „მირანდესთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

„ბევრ სირთულეს ვაწყდებით. იმდენი ტრავმირებული გვყავს, რომ უკვე თერთმეტი მოთამაშის შეკრება გვიჭირს. ეს იწვევს სირთულეებს თამაშის მსვლელობისას, ცვლილებების განხორციელება გვიჭირს. ამას გარდა, „მირანდესთან“ კაცნაკლულები დავრჩით, მაგრამ გუნდმა ეს ურთულესი ბარიერი დაძლია.

რაც შეეხება ქოჩორაშვილს, ის ნამდვილი მეომარია – სულ იბრძვის, მეტოქეს არაფერს უთმობს და მათზე მუდმივ ზეწოლას ახდენს. ამას გარდა, ბურთის ფლობისას ჭკვიანურად მოქმედებს. ის კარგი ინდივიდუალისტია, თანაგუნდელებს მუდამ საკუთარ თავს სთავაზობს და დინამიურია. გიორგი იზრდება, რთულ მომენტებში გუნდზე ძალიან კარგად მოქმედებს და თანაგუნდელებს შეტევებისკენ უბიძგებს. მასთან მუშაობით ბედნიერი ვარ“, – განაცხადა „ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა.