ლევანდოვსკის „ოქროს ბუცი“ გადასცეს #1TVSPORT
ლევანდოვსკის „ოქროს ბუცი“ გადასცეს #1TVSPORT

„ბაიერნის“ პოლონელ ლეგიონერს, როგორც ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირს „ოქროს ბუცი“ გადაეცა,  – იუწყება მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

2020/21 წლების სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანიის ჩემპიონატში 41 გოლი გაიტანა.

„ძალიან მახარებს ეს ჯილდო, – განაცხადა ლევანდოვსკიმ. – მინდა, მადლობა გადავუხადო სრულიად ბავარიის დიდ ოჯახს, მათ გარეშე ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდი. ამ ჯილდოს ვუძღვნი ყველას, ვინც ახლა ჩემს გვერდით დგას. ჩვენ, როგორც ერთმა გუნდმა, ყველაფერს ერთად მივაღწიეთ“.

გერმანიის ჩემპიონატის ახალ სეზონშიც რობერტ ლევანდოვსკი კვლავ ბომბარდირთა სათავეშია. ბუნდესლიგაში გამართული ხუთი ტურის შემდეგ, პოლონელი ფორვარდი „დორტმუნდის“ ნორვეგიელ ლეგიონერთან, ერლინგ ჰალანდთან ერთად (7-7 გოლით) გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.