ლევანდოვსკიმ სამსახიობო ნიჭი გამოავლინა და გვარდიოლა განასახიერა - როგორც ადამიანი, გვარდიოლა მძიმე იყო მოთამაშეებისთვის [ვიდეო] #1TVSPORT
ამ დღეებში „ბარსელონას“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი რიო ფერდინანდის პოდკასტის სტუმარი გახდა. ინტერვიუს ერთ-ერთი ნაწილი პეპ გვარდიოლასთან მუშაობას მიეძღვნა. პოლონელმა შთამბეჭდავი სამსახიობო თვისებები გამოავლინა და ესპანელი სპეციალისტის ჟესტების კოპირება სცადა, როცა გვარდიოლამ მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდური ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა.
„ის ჩვენთან მოვიდა: „ბიჭებო, ბიჭებო, დასხედით, დასხედით, ბიჭებო, ბიჭებო, მისმინეთ, მისმინეთ“. არადა, ჩვენ ისედაც იქ ვიყავით, ვერ მივხვდით, რა ხდებოდა. „დაივიწყეთ ყველაფერი, რასაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვაკეთებდით“. შემდეგ რაღაცის ხატვა დაიწყო. მისთვის იოლი იყო უცებ ტაქტიკის შეცვლა“.
შემდეგ ლევანდოვსკიმ აღიარა, რომ „მანჩესტერ სიტის“ ამჟამინდელ მწვრთნელთან საკმაოდ რთული იყო მუშაობა, რადგან ტაქტიკური დატვირთვის მხრივ ზედმეტი მოსდიოდა.
„როგორც ადამიანი, გვარდიოლა მძიმე იყო მოთამაშეებისთვის, იმიტომ, რომ იმ დროს ის მართლაც ბრწყინვალე იყო საფეხბურთო ტაქტიკაში. პეპი ფიქრობდა: თუ ისინი გამომყვებიან, ყოველთვის მოგებულები იქნებიან.
მოგვიანებით ის შეიცვალა. მიხვდა, რომ თუ მეტად ადამიანური და გახსნილი იქნებოდა, ეს უფრო მეტად დაეხმარებოდა, ვიდრე ტაქტიკა“, – განაცხადა „ბარსელონას“ ფორვარდმა.