ლევანდოვსკიმ მესისა და რონალდოს შორის მთავარი განსხვავება დაასახელა #1TVSPORT
ლევანდოვსკიმ მესისა და რონალდოს შორის მთავარი განსხვავება დაასახელა #1TVSPORT

„ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ინტერვიუ მისცა გერმანულ გაზეთ „ბილდს“. საუბრისას პოლონელმა დაასახელა ძირითადი განსხვავება „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდებს ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შორის.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ უდიდეს სამუშაოს, რომელსაც რონალდო ასრულებს. მესის შემთხვევაში ყველაფერი იოლად ჩანს. ვფიქრობ, კრიშტიანოს დიდი შრომა დასჭირდა წარმატების მისაღწევად“, – განაცხადა ლევანდოვსკიმ.

თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონის ფავორიტებზე ილაპარაკა:

„ჩემთვის ფავორიტები არიან „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „რეალი“, „ჩელსი“ და ჩვენ. პლეი ოფის პირველი მატჩები თებერვალში გაიმართება. იქამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამ მომენტისთვის, ჩემი აზრით, ეს გუნდები ყველას უსწრებენ“.

ლევანდოვსკიმ ასევე გამოთქვა აზრი თავის შანსებზე – მომავალში მოიპოვოს „ოქროს ბურთი“:

„ყველაფერი შეიძლება გადაწყვიტოს უმცირესმა დეტალებმა. შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ გავაგრძელებ ჩემი საქმის კეთებას და საუკეთესო შედეგების ჩვენებას.

რეალისტები უნდა ვიყოთ – მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება პოლონეთთან ერთად ძალიან რთულია. მე ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი კარიერით, მაგრამ არ მაქვს დაკმაყოფილების გრძნობა, რადგან მორიგი ტიტულის აღების შემდეგ, კიდევ მინდა ერთის მოგება. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის. ამაზე ყოველდღე ვმუშაობ“.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ლევანდოვსკი მეორე ადგილზე გავიდა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში. მას ასევე ფავორიტად ასახელებდნენ 2020 წელს, მაგრამ მაშინ „ოქროს ბურთი“ არ გაიცა კორონავირუსის პანდემიის გამო.