ლევანდოვსკი, მესი თუ სალაჰი - დღეს ფიფა-ს ყოველწლიური პრემიის The Best-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება #1TVSPORT
ლევანდოვსკი, მესი თუ სალაჰი - დღეს ფიფა-ს ყოველწლიური პრემიის The Best-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება #1TVSPORT

ორშაბათს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) ყოველწლიური პრემიის The Best-ის („ოქროს ბურთის“ ანალოგი) დაჯილდოების ცერემონია. წლის საუკეთესო მამაკაცის ნომინაციაში ჯილდოსთვის იბრძოლებენ: რობერტ ლევანდოვსკი, ლიონელ მესი და მოჰამედ სალაჰი.

სამეულში ისევ არ მოინახა ადგილი კრიშტიანო რონალდოსთვის: „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში პორტუგალიელმა მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა, აქ კი 2007 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა ფინალურ სამეულში.

 

რა არის The Best?

ფიფა-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა 1991 წლიდან დაიწყო. ეს გახლდათ პირველი მცდელობა – დაშორებოდნენ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთს“. ასე გაჩნდა „ფიფა-ს წლის მოთამაშის“ ჯილდო. მაგრამ, ეს პრიზი მაინც ვერ გახდა სუპერპრესტიჟული, ამიტომაც, საერთაშორისო ფედერაციამ 2010 წელს 16 მილიონ ევროდ ექვსი წლით გამოისყიდა ლიცენზია „ოქროს ბურთზე“ და მასთან გააერთიანა თავისი პრემია.

2016 წელს თანამშრომლობა შეწყდა ჯანი ინფანტინოს გამო – ფიფას-ს ახალი პრეზიდენტი ყურადღებით ითვლიდა ფულს და გადაწყვიტა, რომ თუ „ფრანს ფუტბოლი“ ასე ბევრს ითხოვს, მათ გარეშეც შეიძლება ფონს გასვლა. ფიფა-მ დაუბრუნა უფლებები ფრანგულ მხარეს და ააღორძინა ძველი პრემია ახალი სახელწოდებით – The Best.

 

FIFA The Best-ის ლაურეატები

2006 – 1. კანავარო (იუვენტუსი), 2. ზიდანი (რეალი), 3. რონალდინიო (ბარსელონა)

2007 – 1. კაკა (მილანი), 2. მესი (ბარსელონა), 3. კრ. რონალდო (მანჩესტერ იუნ)

2008 – 1. კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნ), 2. მესი (ბარსელონა), 3. ფერნანდო ტორესი (ლივერპული)

2009 – 1. მესი (ბარსელონა), 2. კრ. რონალდო (რეალი), 3. ჩავი (ბარსელონა)

2010-15 არ დაუჯილდოვებიათ

2016 – 1. კრიშტიანო რონალდო (რეალი), 2. მესი (ბარსელონა), 3. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)

2017 – 1. კრიშტიანო რონალდო (რეალი), 2. მესი (ბარსელონა), 3. ნეიმარი (ბარსელონა/პსჟ)

2018 – 1. მოდრიჩი (რეალი), 2. კრ. რონალდო (რეალი), 3. სალაჰი (ლივერპული)

2019 – 1. მესი (ბარსელონა), 2. ვან დეიკი (ლივერპული), 3. კრ. რონალდო (იუვენტუსი)

2020 – 1. ლევანდოვსკი (ბაიერნი), 2. კრ. რონალდო (იუვენტუსი), 3. მესი (ბარსელონა)

 

The Best-ის გამოვლენისას ითვლიან ყველა ეროვნული ნაკრების კაპიტნებისა და მწვრთნელების ხმებს. თითოეული ირჩევს სამ მოთამაშეს: პირველი იღებს ხუთ ქულას, მეორე – სამს, მესამე – ერთს.

 

რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი პრემიის შესახებ?

* პირველად 1995 წლის შემდეგ, სამეულში არ არის ლა ლიგას წარმომადგენელი. 1995 წელს, ნომინანტებს შორის იყვნენ ჟორჟ ვეა და პაოლო მალდინი „მილანიდან“ და იურგენ კლინსმანი „ბაიერნიდან“.

* მოჰამედ სალაჰი მეორედ არის ნომინანტთა სამეულში. პირველად ეს 2018 წელს მოხდა და მაშინ ეგვიპტელი მესამე ადგილზე გავიდა.

* რობერტ ლევანდოვსკის შეუძლია ზედიზედ მეორედ მოიგოს The Best. ამ შემთხვევაში ის გაიმეორებს კრიშტიანო რონალდოს, რონალდინიოსა და რონალდოს შედეგს, რომლებსაც ასევე ზედიზედ ორჯერ აქვთ მოგებული ფიფა-ს პრიზი.

 

დაჯილდოვების ცერემონიის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე 22 საათზე დაიწყება.