ლევანდოვსკი „ბარსელონაზე“ - მხარდაჭერა არ მაქვს, ხანდახან შემტევი მოთამაშეები არ გვყოფნის #1TVSPORT
ლევანდოვსკი „ბარსელონაზე“ - მხარდაჭერა არ მაქვს, ხანდახან შემტევი მოთამაშეები არ გვყოფნის #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი უკმაყოფილოა შეტევაში თავისი გუნდის თამაშით.

„ჩვენ „ბარსელონა“ ვართ, ჩვენგან არა მხოლოდ გამარჯვებებს, არამედ კარგ, შემტევ ფეხბურთს ელიან. ბოლო დროს ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, ამიტომაც მთელი ძალით ვცდილობდით, შეგვექმნა მეტი მომენტი მატჩებში… როცა გამოდიან ფერანი ან ანსუ – ორი შემტევი მოთამაშე – უფრო მეტს ვქმნით. ხანდახან ჩვენ არ ვთამაშობთ საკმარისი რაოდენობის შემტევებით, მე არ მყოფნის მხარდაჭერა, და ამიტომაც ვეძებ უკეთეს გადაწყვეტილებებს გუნდისთვის.

ვფიქრობ, საკუთარი გამოცდილების წყალობით და იმით, რომ ვიცნობ საკუთარ სხეულს, ვპოულობ საუკეთესო გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ გუნდისთვის. მესმის, რომ ხანდახან, თუ ორ ცენტრალურ მცველს შორის აღმოვჩნდები, მათ უადვილდებათ საქმე. ბევრ მატჩში არც ისე ბევრი შანსი მქონდა გოლის გასატანად. ბოლო ორ მატჩში მინიმალური იყო მომენტები, ამიტომაც ხანდახან თავად მიწევდა შექმნა.

უნდა შევინარჩუნო ჩემი დონე, დავბრუნდე ძველ კალაპოტში. ყოველ თამაშთან ერთად უკეთესი გავხდები. თითოეული სეზონი ინდივიდუალურია და ეს სეზონი ძალიან გრძელია. კიდევ ბევრი მატჩი გვექნება, და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არა ის, როგორ იწყებ, არამედ, როგორ ამთავრებ“, – განაცხადა „ბარსელონას“ ფორვარდმა გამოცემა Eleven Sports-თან ინტერვიუში.