ლევან შოვნაძე - „ტორპედოში“ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, ქუთაისელები დიდ წარმატებებს იმსახურებენ #1TVSPORT
ლევან შოვნაძე - „ტორპედოში“ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, ქუთაისელები დიდ წარმატებებს იმსახურებენ #1TVSPORT

ლევან შოვნაძე, რომელიც მცირე ხნის წინ „სამგურალის“ ფეხბურთელი გახდა და გუნდის ღირსებას 3 წლის განმავლობაში დაიცავს, თავის ყოფილ კლუბს, ქუთაისის „ტორპედოს“ დაემშვიდობა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლევან შოვნაძე გუნდიდან გაუშვეს, მის შემცვლელად კი ლუკა გუგეშაშვილს განიხილავდნენ, რომელიც პოლონეთში წავიდა. ქუთაისელი გულშემატკივრები თვლიდნენ, რომ მეკარის გაშვება გაუმართლებელი იყო. თუმცა, შოვნაძემ „ტორპედოს“ ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა.

„ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობასა და გამორჩეულ გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი – მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. სასიამოვნოა, რომ რთული პერიოდი ერთად გადავლახეთ და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მომავალ წელსაც ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს. ქუთაისელი გულშემატკივრები უფრო დიდ წარმატებებს იმსახურებენ! შავ-თეთრი მაისურის ტარება ჩემთვის დიდი პატივი იყო“, – ასეთი იყო ლევან შოვნაძის პირველი კომენტარი „ტორპედოს“ დატოვების შემდეგ.

24 წლის მეკარე გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო – მიუხედავად ქუთაისის „ტორპედოს“ ცუდი გამოსვლისა, მან სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა, ხოლო პლეი-ოფში მარტვილის „მერანთან“ გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა და რეალურად, ერთ-ერთი იყო, ვინც „ტორპედოს“ ეროვნულ ლიგაში დატოვება განაპირობა.