ლევან შენგელიამ „ოფი“ დატოვა #1TVSPORT
ლევან შენგელიამ „ოფი“ დატოვა #1TVSPORT

ლევან შენგელიას „ოფი კრეტასთან“ კონტრაქტი ამოეწურა და კლუბთან თანამშრომლობა დაასრულა, – ინფორმაციას საბერძნეთის სუპერლიგის გუნდი ოფიციალურად ადასტურებს.

„კლუბი ადასტურებს ფეხბურთელ ლევან შენგელიასთან თანამშრომლობის დასრულებას. 30 წლის ფეხბურთელმა „ოფიში“ თავისი კვალი დატოვა არა მხოლოდ საბერძნეთის თასის მოგებაში შეტანილი გადამწყვეტი წვლილით, არამედ თამაშის ხარისხითა და მაღალი დონითაც.

ამავდროულად, ის გამოირჩეოდა თავისი ხასიათით, ღირებულებებით, ეთიკითა და პროფესიონალიზმით, რასაც ყოველდღიურად ავლენდა როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ლევან, მადლობას გიხდით „ოფის“ წარმატებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და კარიერაში წარმატებას გისურვებთ“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

კრეტულმა გუნდმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში გააფორმა, თუმცა, საბერძნეთის თასზე წლევანდელი გამარჯვების მიუხედავად, მხარეებს შორის თანამშრომლობა მაინც შეწყდა.

ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ოფიმ“ შენგელიას დარჩენა და ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ საბოლოოდ თავად ფეხბურთელმა გადაწყვიტა კლუბის შეცვლა.

30 წლის შემტევმა კრეტელთა რიგებში 75 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.