ლევან შენგელია - ვფიქრობ, რომ „ლუვენი“ ჩემს კარიერაში შესანიშნავი საფეხურია #1TVSPORT
ლევან შენგელია - ვფიქრობ, რომ „ლუვენი“ ჩემს კარიერაში შესანიშნავი საფეხურია #1TVSPORT

25 წლის ლევან შენგელია თურქული „კონიადან“ ბელგიურ „ლუვენში“ გადავიდა და კლუბის ვებ-გვერდთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „ლუვენს“ კარიერაში იდეალურ საფეხურად მიიჩნევს. მან ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც მეორე დივიზიონის „ტუბიზეში“ თამაშობდა.

ლევან შენგელია იმედოვნებს, რომ სწრაფად შევა ფორმაში – მან ხომ ბოლო ოფიციალური მატჩი ივნისის დასაწყისში ჩაატარა.

„ბელგიის ლიგაში თამაშს მოუთმენლად ველი. ბოლო წლებში ბელგიურმა ფეხბურთმა ნაკრების კარგი შედეგების წყალობით პრესტიჟი მოიპოვა. ეს უცხოელებს იზიდავს. მე ვფიქრობ, რომ „ლუვენი“ ჩემს კარიერაში შესანიშნავი საფეხურია. უკვე ვიცნობ ბელგიას, მწვრთნელს ვესაუბრე და ამ ნაბიჯის სისწორეში დამარწმუნა”, – ლევან შენგელია ასე განმარტავს ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების მიზეზებს.

ქართველმა „ლუვენში” უკვე ნახა ძველი ნაცნობი თომას ჰენრი.

„მასთან ერთად „ტუბიზეში“ ვვარჯიშობდი. თომასი მეორე დივიზიონში ძალიან კარგად თამაშობდა. ამის შემდეგ „დინამო თბილისში“ გადავედი”.

შენგელიამ გასულ კვირას „შარლერუასთან“ ახალი გუნდის პირველი თამაში ნახა.

„ვნახე „ლუვენი“, რომელიც თამაშობდა 3-4-3 სქემით. ეს არის იმისგან განსხვავებული სისტემა, ვიდრე თურქეთის სუპერლიგაში ვთამაშობდი. ასე რომ, ეს ჩემთვის პატარა სიახლე იქნება, მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ”.

ამ ტრანსფერის შემდეგ ლევენ შენგელია თავისი ბელგიური მოთხრობის მეორე თავს დაწერს.

„როდესაც 18 წლის ვიყავი, ევროპაში, „ტუბიზეში“ პირველად ვითამაშე. ჩემთვის ნამდვილად რთული პერიოდი იყო. იმ დროს, მე მარტო ვცხოვრობდი უცხო ქვეყანაში და „ტუბიზეს“ არ ჰქონდა საშუალება, რომ ჩემზე ეზრუნა. იქ ორი სეზონი ვითამაშე, შემდეგ სამხრეთ კორეაში ერთი სეზონით წავედი, რამდენიმე თვის განმავლობაში ბელგიაში დავბრუნდი და მერე თბილისში ვითამაშე”.

შენგელიამ „ტუბიზესთან“ ერთად 2016 წლის სექტემბერში „ლუვენს“ 1:0 მოუგო, მაგრამ ამ მატჩის გახსენება გაუჭირდა.

„ბევრი რამ არ მახსოვს ამ მატჩის შესახებ. მოვიგეთ ის მატჩი? ესეც კი არ ვიცოდი. მაშინ დამამახსოვრდა, რომ კარგი მოედანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მხარეს ბევრი წყალი დადგა. ვიმედოვნებ, რომ აქ მეტი წარმატებული მომენტები მექნება“.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის თქმით, თავს საუკეთესოდ მარჯვენა ფლანგზე გრძნობს.

„თუ გუნდს სჭირდება, მარცხენა ფლანგზეც შემიძლია ვითამაშო. ასევე 10 ნომრის პოზიციაზეც გამოვსულვარ მოედანზე, მაგრამ თვითონ თუ ავირჩევ ამპლუას. მაშინ მარჯვენა ფლანგზე ვითამაშებდი”.

შენგელია ლუვენში ეძებს სახლს და მეუღლის ჩამოსვლას ელოდება.

„მე არ მიყვარს ზედმეტი აჟიოტაჟი. მშვიდ ადგილზე ცხოვრება მიზიდავს, სადაც შემიძლია ფეხბურთზე მობილიზება. ჩემი მეუღლე პროფესიონალი მომღერალია. მან უკვე გამოუშვა ერთი დისკი, მაგრამ ამ მომენტში მისი კარიერა შეჩერებულია. ის მღერის ამერიკულ ჰიპ-ჰოპს, ასევე – ქართულ ტრადიციულ სიმღერებს“.