ლევან შენგელია - „ოფი კრეტა“ კონფერენსლიგაზე ითამაშებს და ყველას გვინდა, ამ გუნდის ნაწილი ვიყოთ #1TVSPORT
ლევან შენგელიას გამოცემა SPORT 24-მა ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც „ოფი კრეტას“ ქართველმა ფეხბურთელმა საბერძნეთის თასის ფინალში სალონიკის პაოკ-თან მოგებაზე (3:2) ისაუბრა.
შეხვედრის ბედი დამატებულ დროში სალონიკელთა კარში დანიშნულმა პენალტმა გადაწყვიტა, რომელიც ქართველი შემტევის წაქცევისთვის დაინიშნა. კრეტელებმა თასი ისტორიაში მეორედ მოიპოვეს და ახალ ევროსეზონში კონფერენსლიგის საგზური მიიღეს, ლევან შენგელია კი ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„მე ყოველთვის ვიცი, როდის ვითამაშე კარგად და როდის – არა. ახლა ვიცი, რომ ძალიან კარგი თამაში ჩავატარე და ამით ბედნიერი ვარ. შეხვედრა ძალიან დაძაბული და განსაკუთრებული იყო. მოგებას მთელი კუნძული ჩვენთან ერთად ზეიმობდა და ამან ჩვენი მიღწევა კიდევ უფრო ღირებული გახადა.
ფინალის შემდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადმომცეს, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ გამარჯვების აღსანიშნავ ზეიმში MVP მე ვიყავი. გუნდში გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც ეს ბევრად უკეთ გამოსდით.
თასის ფინალში ზედიზედ მეორედ ვითამაშეთ. შარშან „ოლიმპიაკოსთან“ წავაგეთ (0:2) და იმ გამოცდილებამ, რა თქმა უნდა, თავისი როლი ითამაშა. ამას გარდა, წარმატება თავდადებამაც მოგვიტანა – სწორედ ეს იყო განსხვავებული მიდგომა.
„ოფი“ ახალ სეზონში კონფერენსლიგაზე ითამაშებს. ყველას გვინდა, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყოთ. ვნახოთ – სეზონი ჯერ არ დასრულებულა. ისინი, ვინც დარჩებიან, სიამოვნებას მიიღებენ. კლუბს ევროტურნირზე თამაში ისტორიის დასაწერად სჭირდება“, – ამბობს შენგელია.