ლევან ქავჟარაძე „ემრე-კაპლანის“ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

სტამბოლში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს პრველი მედალი ლევან ქავჟარაძემ მოუპოვა. 63 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფიანლის საგზური, მან გუშინ, წინასწარი შეხევდრების შედეგად მიიღო. დღეს კი ოქროსთვის ბრძოლაში, აზერბაიჯანელ მამადოვს შანსი არ მისცა. პირველ პერიოდში 7:0 დაწინაურდა. შეხვედრის მეორე ნახევარში, აქცენტი უპირატესობის შენარჩუნებაზე გააკეთა, მეტოქეს მხოლოდ ერთი ქულა დაუთმო და შედეგად კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის კიდევ ოთხმა ქართველმა იჭიდავა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს მათე სოფაძე და გიორგი მელია დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ 2:1 გამარჯვება და მედალი მელიას ერგო. ქართველებით დაკომპლექტდა 55 კილოგრამი წონითი კატეგორიის მესამე ადგილისთვის შეხვედრაც, სადაც ერთმანეთს ნახევარფინალში დამარცხებული ნუგზარ წურწუმია და რეპეშაჟიდან ამოსული ზურაბ მაჭარაშვილი უნდა შეხვედროდნენ. საბოლოოდ გამარჯვება მაჭარაშვილს დარჩა, რომელსაც მეტოქე, ნუგზარ წურწუმია მცირე ტრავმის გამო არ გამოუცხადდა.

ხვალ  ქართველთაგან, ფინალში დემურ ქავთარაძე (77 კგ) იასპარეზებს. საჩინო დავითაია (67 კგ) და შალვა ხაჩიძე (87 კგ) კი ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ. ფინალური ბლოკი 13:00-იდან დაიწყება.