ლევან მაყაშვილი - შესაძლოა, პირტეასთან რემატჩი გავმართო | ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
ლევან მაყაშვილი - შესაძლოა, პირტეასთან რემატჩი გავმართო | ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
პოლონეთის ქალაქ ლოძში ACA პრომოუშენის მორიგი ქარდი გაიმართა. ACA 114-ზე ორმა ქართველმა მებრძოლმა იასპარეზა.
ორგანიზაციაში ბრწყინვალე დებიუტი იზეიმა რაულ თუთარაულმა. ქართველმა მებრძოლმა ბოსნიელი დრაგოლიუბ სტანოევიჩი 14 წამში ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა. ლევან მაყაშვილი კი რუმინელ აურელ პირტეას დაუპირისპირდა. ბრძოლა ძალიან დაძაბულად წარიმართა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მაყაშვილი მცირე უპირატესობით ლიდერობდა, თუმცა, საბოლოოდ, მსაჯებმა გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება რუმინელს მიანიჭეს. ჩვენ ლევანს პოლონეთში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.
ბრძოლა ძალიან დაძაბულად წარიმართა. ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მსაჯებმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს. როდესაც ბრძოლა დასრულდა, ჩათვალე, რომ საკმარისი გააკეთე გამარჯვებისთვის?
ჩემი აზრით, პირველ და მეორე რაუნდში უპირატესობას მე ვფლობდი. რამდენიმე მძიმე დარტყმა მივაყენი ფეხში და მიმაჩნია, რომ მასზე უკეთ წარვმართავდი ბრძოლას. მესამე რაუნდი ალბათ მეტოქემ უკეთ ჩაატარა და სავარაუდოდ მოიგო კიდეც, თუმცა, საბოლოოდ მიმაჩნია, რომ მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და გამარჯვება მე უნდა დამრჩენოდა. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ეს სპორტია და აქ ყველაფერი ხდება.
როდის გსურს მომდევნო ბრძოლის გამართვა?
მომდევნო ბრძოლასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით დაგეგმილი არაფერი მაქვს. სავარაუდოდ, თებერვალში ჩავატარებ მომდევნო დაპირისპრიებას. ACA-ში მითხრეს, რომ შესაძლოა, შანსი მომეცეს პირტეასთან რემატჩი გავმართო, რაც ძალიან გამიხარდება.
რაიმე ტრავმა ხომ არ გაწუხებდა პირტეასთან ბრძოლამდე?
დიახ, გარკვეული ტრავმები მქონდა ამ ბრძოლამდე, გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ გადავიტანე კორონავირუსი. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, თავისი ნეგატიური როლი შეასრულა. ახლა არაფერი მაწუხებს, მომდევნო ბრძოლისთვის სრული დატვირთვით მოვემზადები და გაცილებით ძლიერი დავბრუნდები.
როგორ შეაფასებდი რაულის ბრწყინვალე დებიუტს ACA-ში?
რაული ძალიან გამოცდილი და ძლიერი სპორტსმენია. მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ მისი დებიუტი ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა. დარწმუნებული ვარ, რომ მას წინ ბევრი მოგება და წარმატება ელოდება.