ლევან მაისაშვილი - პორტუგალიას ტიტულისთვის ვეთამაშებით და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ #1TVSPORT
ლევან მაისაშვილი - პორტუგალიას ტიტულისთვის ვეთამაშებით და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ #1TVSPORT

19 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთის ქალაქ ბადახოსში 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას ეთამაშება და თასის მე-15-ედ მოპოვებას შეეცდება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გადამწყვეტი შეხვედრისთვის „ბორჯღალოსნები“ 12 მარტიდან პორტუგალიაში ემზადებიან. მომავალ დაპირისპირებაზე მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:

მზადება

„გართულებების თავიდან ასარიდებლად ესპანეთთან მატჩისთვის მომზადებას ერთი კვირით ადრე პორტუგალიაში შევუდექით. იქიდან ბადახოსამდე დაახლოებით 250 კილომეტრია და ესპანეთში თამაშამდე ორი დღით ადრე ჩავალთ.

რადგან გასულ კვირაში საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დე 2-ში პაუზა იყო, ამიტომ ბიჭებს დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება ჰქონდათ. „შავი ლომის“ მორაგბეებმა, რომელთაც განვლილ მატჩებში ნაკლები სათამაშო დრო დაეთმოთ, პრაქტიკის მიღება საქართველოს ჩემპიონატში, დიდი 10-ის შეხვედრებში მოახერხეს.

ფინალი ერთი მატჩია და თავისი სპეციფიკით გამოირჩევა, რაც მას დაძაბულობას მატებს. ნებისმიერი შეცდომა ძვირად ფასობს, ამიტომ მაქსიმალური ყურადღება გვმართებს.

მეტოქე

პორტუგალიას მსოფლიო თასზეც ვეთამაშებით, მაგრამ იმ მატჩამდე ჯერ დიდი დროა. ამჯერად მათ ტიტულის მოსაპოვებლად ვხვდებით და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ, სად არის ქართული რაგბი და სად არიან ისინი.

მეტოქეს სწრაფი მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც შანსს თუ მისცემ, აუცილებლად გამოიყენებენ. ეს გუნდი ტაქტიკურად სწორად თამაშობს და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატის დანარჩენ მონაწილეებს შორის ყველაზე ძლიერია.

ქომაგი

ბადახოსი პორტუგლიის საზღვართან ახლოსაა და, ფაქტობრივად, მეტოქე საკუთარ მოედანზე ითამაშებს, ესეც გასათვალისწინებელია. თუმცა, ესპანეთში გულშემატკივრების ნაკლებობას არც ჩვენ ვუჩივით. ტორელავეგაში, ესპანეთთან მატჩზე ქართველების ერთი ჯგუფი სხვადასხვა ქალაქიდან რამდენიმე ავტობუსით ჩამოვიდა, იყვნენ სხვა ჯგუფებიც. ახლაც ველით, რომ მათგან მხარდაჭერა არ მოგვაკლდება. მობილიზებულები ვართ და ვეცდებით, ქომაგს მათგან მიღებული ემოცია კარგი თამაშით დავუბრუნოთ“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.