ლევან კუტალია ნაკრებში შანსს ითხოვს - ასეთ მძიმე დღეს ნაკრებში თავი უნდა მოიკლა და მოიგო, ხალხი მცირედით რომ გაახარო #1TVSPORT
ლევან კუტალია ნაკრებში შანსს ითხოვს - ასეთ მძიმე დღეს ნაკრებში თავი უნდა მოიკლა და მოიგო, ხალხი მცირედით რომ გაახარო #1TVSPORT

ლევან კუტალია საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან საქართველოს ნაკრების წაგებას (0:2) სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

ისრაელში მოთამაშე „სექცია ნეს ციონას“ 32 წლის ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების წევრების გულგრილობაზე მიანიშნა.

„პირველი, იმით მინდა დავიწყო, რომ დღეს რთული და ტრაგიკული დღე იყო არაერთი ოჯახისთვის და ასევე ქვეყნისთვის. ამ დღეს როცა თამაში გაქვს, თავი უნდა მოიკლა, რომ არ წააგო კი არა, უნდა მოიგო თამაში, ხალხი მცირედით რომ გაახარო“, – წერს ლევან კუტალია.

32 წლის გამოცდილი თავდამსხმელი ნაკრებში შანსს ითხოვს და აღსანიშნავია, რომ ამ შანსის მიღებას ის დიდი ხანია იმედოვნებს.

„მეორე საკითხია – რამდენი წელია არ მოგვიგია თამაში და არც გვახსოვს. იქნება, ნაკრების ფორმის მორგების შანსი ისეთ ხალხს მოგვცეთ, რომლებიც თავს არ დაზოგავენ და თავს შეაკლავენ. ფეხბურთია და მესმის, თამაში არ გამოგივიდეს, მაგრამ ბრძოლა და ჟინი უნდა გეტყობოდეს“, – ვკითხულობთ ლევან კუტალიას მიმართვაში.

ლევან კუტალია იყო ქუთაისის „ტორპედოში“, გახდა საქართველოს ჩემპიონი (2017), საქართველოს თასის მფლობელი (2018), საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2018). 2019 წელს საქართველოს ჩემპიონობა „დინამო თბილისის“ ფორმითაც მოიპოვა და იმავე წელს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (20 გოლი) გახდა.

ლევან კუტალია წლების წინ თამაშობდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, მაგრამ თავდამსხმელს ეროვნულ ნაკრებში არასოდეს უთამაშია.