ლევან კუტალია „ირტიშის“ დაშლაზე: ფიფა-ს მივმართავ და ჩემს თანხას მივიღებ
ლევან კუტალია „ირტიშის“ დაშლაზე: ფიფა-ს მივმართავ და ჩემს თანხას მივიღებ

„საქართველოს საუკეთესო ბომბარდირი ლევან კუტალია პავლოდარისირტიშიდან“ დავალიანების მიღებას ფიფა-ს დახმარებით შეეცდება“, – ამტკიცებს ყაზახური გამოცემა „სპორტსი“.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხუთგზის ჩემპიონი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „ირტიში“ პავლოდარის რეგიონის ხელისუფლებამ დაშალა.

გამოცემამ ინტერვიუ ჩამოართვა პავლოდარის „ირტიშის“ აწ უკვე ყოფილ ქართველ თავდამსხმელს, რომელიც მომხდარის გამო უგუნდოდ დარჩა.

პავლოდარის კლუბთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ხელფასი მხოლოდ იანვარში მივიღე. შემდეგ ოთხი თვის განმავლობაში კლუბში ფეხბურთელები საერთოდ არაფერს ვიღებდით. ახლა ფეხბურთელები ვიჩივლებთ და ჩვენს კუთვნილ ფულს ფიფა-ს დახმარებით მივიღებთ. კლუბმა იმედგაცრუებული დამტოვა. აქ ფეხბურთის სათამაშოდ და გუნდის დასახმარებლად ჩამოვედი, მაგრამ ის, რაც აქ ვნახე, აფრიკაშიც არ ხდება. კლუბში არასაფეხბურთო ვითარებაა, არც ფულია და არც არაფერი. ჩემი კარიერის ის დრო, რაც „ირტიშში“ გავატარე, ძალიან ცუდი გამოდგა“, – ამბობს ლევან კუტალია.

30 წლის თავდამსხმელის თქმით, ყაზახეთში დარჩება, თუ სასურველი ვარიანტი ექნება.

„დავრჩები, თუ კარგი ვარიანტი მექნება, მაგრამ ვნახოთ. სამწუხაროდ, ამ დროისთვის საქართველოში ავიარეისები არაა და თუ ვინმეს სურს ჩემი შემადგენლობაში ნახვა, ყაზახეთში 15 ივნისამდე დავრჩები. იმედი მაქვს, რომ აქ წინადადება მექნება. „ირტიში“კარგი ისტორიის მქონე კლუბია. ამიტომაც დავთანხმდი, რომ ყაზახეთის ამ კლუბში მეთამაშა. სამწუხაროდ, ისინი ამას არ აფასებენ და მათთვის სულერთია. საქართველოში კი ასეთ შემთხვევას ვერ გავიხსენებ. მინდა, რომ ახალი გუნდი, რაც შეიძლება მალე ვნახო“. – აცხადებს კუტალია.