ლევან კუტალია „დინამოს“ წაგებას გამოეხმაურა - იმედია, ვითარება გამოსწორდება და კლუბი სწორ გზაზე დადგება #1TVSPORT
ლევან კუტალია „დინამოს“ წაგებას გამოეხმაურა - იმედია, ვითარება გამოსწორდება და კლუბი სწორ გზაზე დადგება #1TVSPORT

თავდამსხმელი ლევან კუტალია, რომელიც ამჟამად ისრაელის „სეკცია ნესციონაში“ თამაშობს, კონფერენს ლიგაზე თავისი ყოფილი გუნდის, „დინამო თბილისის“ ჰაიფას „მაკაბისთან“ დამარცხებას სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

„თამაშზე ვიყავი და ასეთი ანგარიშით წაგებაზე გული დამწყდა. იმიტომ, რომ ეს კლუბი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, იმედია, ეს არასახარბიელო ვითარება გამოსწორდება და კლუბი სწორ გზაზე დადგება. წარმატებები მინდა ვუსურვო მომავალში. გამიხარდა ჩემი გუნდელების ნახვა. ბათუმის „დინამოს“ კი შემდეგ ეტაპზე გასვლას ვულოცავ“, – დაწერა „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა,

„დინამო თბილისი“ ისრაელში კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ჰაიფას „მაკაბისთან“ 1:5 დამარცხდა. საქართველოს ჩემპიონმა პირველი მატჩი თბილისში 1:2 დათმო და ევროსარბიელს გამოეთიშა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონმა ევროსეზონი ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო და გამოვარდა – სამწუხაროდ, შედეგს ვერც კონფერენციათა ლიგაზე მიაღწია. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კი განაცხადა, რომ „დინამო“ ამ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის.

2019 წლის სეზონის დაწყებამდე კუტალიამ „დინამო თბილისთან“ კონტრაქტი გააფორმა. სეზონის ბოლოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – 33 მატჩში 20 გოლი გაიტანა და საქართველოს ჩემპიონობა კარიერაში მეორედ იზეიმა.