ლევან კუტალია - დღეს საქართველოში ფეხბურთი არ აინტერესებთ და ამიტომ არ გვაქვს შედეგი
ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრების წაგებას ლევან კუტალია სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა – 2019 წლის ეროვნული ლიგის ბომბარდირი, რომელიც ამჟამად თელ-ავივის „ჰაპოელში” თამაშობს, წაგებას ლოგიკურად თვლის.
„არ მჩვევია პოსტების დაწერა, მაგრამ ვერ მოვითმინე… დავიწყოთ იმით, რომ დღეს საქართველოში ფეხბურთი არავის აინტერესებს – მეასეხარისხოვანი გახადეს ნომერ პირველი სპორტი მსოფლიოში. საქართველოში პოლიტიკოსების მიერ ერთმანეთის ლანძღვის გარდა ვერაფერს ვხედავ. პოლიტიკურ აქციებზე შეიძლება ხალხის დასწრება და ასეთ მნიშვნელოვან ისტორიულ თამაშზე მაყურებელის გარკვეული რაოდენობით დაშვება არ შეიძლებაო – კარგით რა! დღეს ფეხბურთი საქართველოში არ აინტერესებთ და გვაქვს ის შედეგი, რაც სახეზე გვაქვს“, – წერს ლევან კუტალია.
32 წლის თავდამსხმელი ქუთაისის „ტორპედოში” გამოსვლისას ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებში ორჯერ მოხვდა, 2019 წლის სეზონის დაწყებამდე კი კონტრაქტი გააფორმა თბილისის „დინამოსთან“, სადაც სეზონის ბოლოს 33 მატჩში გატანილი 20 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და კარიერაში მეორედ იზეიმა საქართველოს ჩემპიონობა.
2020 წლის დასაწყისში კუტალია პავლოდარის (ყაზახეთი) „ირტიშში“ გადავიდა, მაგრამ პანდემიის პერიოდში ეს კლუბი გაკოტრდა, დაიშალა და ფორვარდი თავისუფალი აგენტი გახდა და მალე ისრაელის კლუბში ჩაირიცხა.