ლევან კორღალიძემ სუპერთასზე მარცხი შეაფასა - წაგება ყოველთვის მეტად გაფიქრებს და სწორი დასკვნებისკენ გიბიძგებს #1TVSPORT
ლევან კორღალიძემ სუპერთასზე მარცხი შეაფასა - წაგება ყოველთვის მეტად გაფიქრებს და სწორი დასკვნებისკენ გიბიძგებს #1TVSPORT

თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში გორის „დილასთან“ მარცხზე (1:3), რომლითაც ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ყველა ტურნირზე 30-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

„სუპერთასზე ოფიციალური თამაში წავაგეთ, მაგრამ კარგია, რომ წაუგებელი სერია ეროვნულ ლიგაში არ შევწყვიტეთ. ველოდით, რომ „დილასთან“ რთული მატჩი გვექნებოდა – შეკრების შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მინდა, გორის „დილას“  წარმატება მივულოცო.

დიდი იმედი მაქვს, რომ ამ წაგებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და შემდეგ შეხვედრას ბევრად უკეთ მომზადებულები შევხდებით.

ვერ ვიტყვი, რომ წაგების მიზეზი ეროვნულ ლიგაში გამოცხადებული პაუზა იყო – ყველამ დავისვენეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მაგრამ ხდება, ფეხბურთია და, სამწუხაროდ, წავაგეთ.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებამდე ეს მარცხი კარგი გაკვეთილი იყო. წაგება ყოველთვის მეტად გაფიქრებს და სწორი დასკვნებისკენ გიბიძგებს. იმედია, ჩვენს შემთხვევაშიც ასე იქნება“.