ლევან კორღალიძემ „საბურთალოდან“ წამოსვლაზე ისაუბრა - დავალიანება ტყუილია, არ ვიცი, ჭორის გავრცელება ვის სჭირდება #1TVSPORT
ლევან კორღალიძემ „საბურთალოდან“ წამოსვლაზე ისაუბრა - დავალიანება ტყუილია, არ ვიცი, ჭორის გავრცელება ვის სჭირდება #1TVSPORT

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „საბურთალო“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ დატოვა, რომელმაც მცირე კომენტარი გააკეთა.

„რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ვფიქრობ ასე სჯობდა. „საბურთალოდან“ ფინანსური პრობლემების გამო არ წავსულვარ. ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, რა ჩანაფიქრიც გვქონდა და რა შედეგსაც ვისახავდით, არ გამოვიდა. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება რომ გუნდიდან წავსულიყავი. რა თქმა უნდა, ჩავაყენე კლუბის ხელმძღვანელობა საქმის კურსში და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება“, – ამბობს ლევან კორღალიძე.

მან უარყო ინფორმაცია, თითქოს, კლუბს მოთამაშეთა და სამწვრთნელო სტაფის 5-6 თვის დავალიანება აქვს.

„ტყუილია. არ ვიცი ვის სჭირდება მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. ორი კვირის დავალიანება იყო გუნდში, რომელიც უკვე დაიფარა. ზოგადად, ქართულ ფეხბურთში და ყველა კლუბშია გარკვეული სახის პრობლემები“, – აცხადებს „საბურთალოს“ ყოფილი მწვრთნელი.

მან „საბურთალოსთან” ერთად მოგებული საქართველოს თასი გაიხსენა, რაც მის სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული იყო:

„კლუბის ხელმძღვანელობა ყოველთვის გვერდში მედგა, მინდა მადლობა გადავუხადო. მწვრთნელის რანგში, ჩემთვის პირველი ტიტული იყო და არასდროს დამავიწყდება. მოხარული ვარ, რომ „საბურთალოსთან” ერთად დავით ყიფიანის სახელობის თასი მოვიგე და გუნდმა ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა“.