ლევან კორღალიძე - შევეცდებით, „იბერია“ გავაძლიეროთ და გუნდის ბირთვიც შევინარჩუნოთ #1TVSPORT
ლევან კორღალიძე - შევეცდებით, „იბერია“ გავაძლიეროთ და გუნდის ბირთვიც შევინარჩუნოთ #1TVSPORT

ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებულმა თბილისის „იბერიის“ დამრიგებელმა, ლევან კორღალიძემ პირველ არხთან იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელსაც ზაფხულში გუნდის ჩაბარებისას წააწყდა და ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლამდე შემადგენლობის გაძლიერების იმედი გამოთქვა.

„საუკეთესო მწვრთნელად დასახელება ჩემთვის ძალიან დიდი აღიარებაა. ამ ჯილდოს უკან შრომა, იმედგაცრუება, ცრემლი, დაცემა და წამოდგომაა. ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ამ სირთულეების შემდეგ შენი გუნდი ჩემპიონი ხდება, თავად კი საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს იღებ.

ეს არაა მხოლოდ ჩემი ჯილდო, ეს დაიმსახურეს ფეხბურთელებმა, სტაფმა და „იბერიის“ ხელმძღვანელებმა, ამ წარმატებას ერთობით მივაღწიეთ. სწორედ ამის შედეგია, სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ მესამე ადგილზე მყოფი გუნდი ჩემპიონი რომ გახდა.

ყველაფერს თავი ერთად გავართვით. რთული სეზონი გამოვიდა, რადგან უკვე აფრენილი „თვითმფრინავის“ შეკეთება გვიწევდა. ამის მიუხედავად, ძალიან ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ბოლო 18 მატჩიდან მხოლოდ ერთი წავაგეთ და საბოლოოდ, ჩემპიონები გავხდით.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდის გაძლიერებას, მნიშვნელოვანია შემადგენლობის კვალიფიკაცია, მწვრთნელის, მენეჯმენტის სწორი მუშაობა, სტაბილურობა და ფინანსური ხელშეწყობა. შევეცდებით, წერტილოვნად გავძლიერდეთ და ბირთვი შევინარჩუნოთ, რადგან „იბერიაში“ ახალგაზრდებისა და გამოცდილების საკმაოდ კარგად დაბალანსებული შემადგენლობაა“, – ამბობს ლევან კორღალიძე.