ლევან კორღალიძე - შეიძლება თამაში არ წაგივიდეს, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ჟინიც არ იგრძნობოდა #1TVSPORT
ლევან კორღალიძე - შეიძლება თამაში არ წაგივიდეს, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ჟინიც არ იგრძნობოდა #1TVSPORT

საქართველოს პირველ არხთან ლევან კორღალიძემ ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელ შეხვედრებზე ილაპარაკა და არ დამალა, რომ იმედგაცრუებულია.

„ნაკრების თამაშები ჩემთვის ძალიან რთული შესაფასებელია, რადგან ზუსტად უნდა იცოდე, ნაკრებში რა სახის პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ მე მხოლოდ ზოგადი შეფასებით შემოვიფარგლები. ფაქტია, ჩვენ რომ გვინდა, ისე ვერაა საქმე და ბოლო შეხვედრებში ჩვენს თამაშებს დადებითად ვერ შევაფასებ. ჩემთვის ნაკრებში ასეთი გამოსვლის ნახვა მტკივნეული იყო“, – განაცხადა საქართველოს პირველმა არხთან ლევან კორღალიძემ.

ახალგაზრდა სპეციალისტის თქმით, გუნდისგან მეტ მუხტს და ემოციას ელოდა.

„ბათუმში მომხდარმა დიდმა ტრაგედიამ ყველა ფეხბურთელზე უარყოფითად რომ იმოქმედა, ეს გასაგებია. მაგრამ მათგან სწორედ ამის გამო უფრო მეტ თავდადებას ველოდი. შეიძლება თამაში არ წაგივიდეს, მაგრამ ჟინი უნდა აჩვენო. სამწუხაროა, რომ ესეც არ იგრძნობოდა“.

ლევან კორღალიძემ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლის მუშაობაზეც ისაუბრა.

სანიოლის დანიშვნის შემდეგ, მარტის თამაშებში ჩვენმა ნაკრებმა ძალიან დამაიმედა. გუნდს ახალი მწვრთნელის დანიშვნა კარგად დაეტყო. იყო მონდომება, ჟინი, თავდადება, და ძლიერ გუნდებს არაფერი დავუთმეთ. მოკლედ, ახალი სისხლი იგრძნობოდა. მაგრამ ბოლო თამაშებში, სამწუხაროდ, არც ხარისხია, არც თავდადება და ასეთ დროს შედეგზე ლაპარაკი წარმოუდგენელია“.