ლევან კორღალიძე - მსურს, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო #1TVSPORT
ლევან კორღალიძე - მსურს, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო #1TVSPORT

ახალგაზრდა სპეციალისტმა ლევან კორღალიძემ 2021 წელს „საბურთალოს“ მწვრთნელის რანგში პირველი ჯილდო მოიგო, თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ტიტულების მოგებას კვლავაც ეცდება – ამ თემას 41 წლის მწვრთნელი „საბურთალოს” სამომავლო გეგმებზე საუბრისას შეეხო.

მან თავდაპირველად კლუბთან ურთიერთობაზე და გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა.

„ჩვენი თანამშრომლობა გრძელვადიანია, ორივე მხრიდან იყო მზაობა, რომ ერთობლივი მუშაობა გაგვეგრძელებინა. დავისახეთ ახალი მიზნები, რომელსაც ვფიქრობ, ერთობლივი ძალებით განვახორციელებთ. წლევანდელი წელი განვლილზე უკეთესი უნდა იყოს. რომ გადავხედოთ გასულ წლებს, ვნახავთ, რომ „საბურთალო“ ყოველთვის მაღალი პოზიციებისთვის მებრძოლი და სტაბილური კლუბია. გუნდს გააჩნია თავისი აკადემია, რომლისგანაც შევსებას სისტემატურად იღებს. გამონაკლისი არც 2022 წელი იქნება და ტრადიციულად მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. კლუბის ხელმძღვანელებისგან დიდ ნდობასა და მხარდაჭერას ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთმანეთის გვერდში დგომით შევძლებთ, რომ „საბურთალო“ ბევრად წარმატებული იყოს და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ. გვსურს, რომ ევროტურნირებზე კარგად წარმოვაჩინოთ თავი და რამდენიმე ეტაპი გადავლახოთ, ხოლო საქართველოში რომელიმე ტიტული მოვიგოთ“, – ამბობს ლევან კორღალიძე.

„საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გასული სეზონი და გუნდში მიმდინარე საკადრო ცვლილებები შეაფასა და მოსამზადებელ გეგმებზეც ილაპარაკა.

„მართალია, შარშან გარკვეული რყევები გვქონდა, მაგრამ სასიამოვნოა, რომ უტიტულოდ არ დავრჩით. სამეულში ვერ მოვხვდით, თუმცა საქართველოს თასი მოვიგეთ და ევროტურნირის საგზური მოვიპოვეთ. გასული სეზონის შემდეგ, გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. მათ მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან „საბურთალოს“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს. რაც შეეხება მატებას, ახალწვეულების დიდი იმედი მაქვს, ისინი კვალიფიციური და გამოცდილი ფეხბურთელები არიან. მინდა ყველა მათგანს, რომლებიც მომავალში „საბურთალოს“ მაისურას მოირგებენ, წარმატებები და წინსვლა ვუსურვო. არ მგონია ახალწვეულებს ადაპტაცია გაუჭირდეთ, მათ რიცხვში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიცაა, რომლებიც 2-3 წლის წინ ჩვენი კლუბის ღირსებას იცავდნენ. თბილისში მინი-შეკრება და სამი ამხანაგური მატჩი დავგეგმეთ. 29 იანვრიდან კი თურქეთში გავემგზავრებით, სადაც დასკვნით მომზადებას გავივლით და პარალელურად უცხოური კლუბების წინააღმდეგ, საკონტროლო მატჩებსაც გავმართავთ“.

„საბურთალო“ სეზონს თებერვალში, სუპერთასის მატჩით დაიწყებს, შემდეგ ჩემპიონატი, საქართველოს თასი და ევროტურნირები. მზად არის გუნდი სამ ფრონტზე საბრძოლველად? კორღალიძემ კომენტარი ამ თემაზეც გააკეთა.

„გუნდში სასიამოვნო და საბრძოლო განწყობაა, ყველანი შემართებითა და იმედიანად ვართ. სუპერთასამდე თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი, თუმცა მანამდე სრულყოფილად მოვემზადებით. მომავალი მეტოქე სუპერთასზე ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ მორიგი ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. ფეხბურთელობისას ბევრი პრიზი თუ ტიტული მაქვს მოგებული, მაგრამ მწვრთნელისა თუ ფეხბურთელობის პერიოდში მოგებულ ჯილდოს შორის, დიდი განსხვავებაა. იმედია, ეს არ იქნება უკანასკნელი ჯილდო, მსურს რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო“.

ახალგაზრდა მწვრთნელმა „საბურთალოში“ არსებულ გარემოზეც ილაპარაკა.

„ეს წარმატება დიდი შრომის შედეგად მოვიდა. „საბურთალო“ ყოველთვის გამოირჩეოდა ერთიანობით, ერთმანეთის გვერდში დგომითა თუ სხვადასხვა მიდგომებით. სწორედ, ამ ერთიანობამ, სწორმა მუშაობამ, დაუღალავმა შრომამ განაპირობა ის, რომ კლუბმა ბოლო ოთხ წელიწადში, ოთხი ტიტული მოიგო – ეს სერიოზული შედეგია. კლუბის ხელმძღვანელები – ტარიელ ხეჩიკაშვილი, კახა კაშია, გოჩა თამაზაშვილი, კახა ამირიძე – ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურ კომფორტში ვიყო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კლუბში მუშაობს და ვინც „საბურთალოს“ ყოველდღიურ ცხოვრებაშია ჩართული. ძალიან დიდ სამუშაოს ატარებს სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელებიც მაქსიმალურად გვერდში გვიდგანან. აკადემიიდან ყოველწლიურად შევსებას ვიღებთ, რაც კიდევ უფრო გვიმარტივებს მუშაობას. მჯერა, ერთმანეთის გვერდში დგომითა და ბევრი მუშაობით, კიდევ ბევრ წარმატებებს მივაღწევთ“.