ლევან კორღალიძე – მჭიდრო გრაფიკი ორ ფრონტზე თანაბრად ასპარეზობას გვირთულებს, მაგრამ ევროპული ფეხბურთისკენ მივისწრაფვით და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ #1TVSPORT
შვედურ „მიალბისთან“ კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურის დაპირისპირებამდე თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრისთვის გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა.
„უპირველესად, მინდა, სამძიმარი გამოვთქვა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო.
პირველი მატჩი ბელგიაში „იბერიასთვის“ საუკეთესო შეხვედრა არ ყოფილა, მაგრამ ხვალ ვიბრძოლებთ, რათა საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ.
რა განსხვავებაა ორ შვედურ გუნდს, „მალმესა“ და „მიალბის“ შორის? ძალიან დიდი. „მიალბი“ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა და ამიტომ შვედეთის ჩემპიონატში კარგი სატურნირო მდგომარეობა არ აქვს. შარშან „მალმე“ უფრო დაბალანსებული იყო, როდესაც ჩვენთან ითამაშა. „მიალბის“ მწვრთნელიც შეეცვალა და მას დრო სჭირდება, რომ საკუთარი ხედვა გუნდს მოარგოს.
გუნდიდან ჩემი წასვლის შემდეგ „იბერიაში“ ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა, მაგრამ თავად გარემო და სისტემა, რომელიც ყოველთვის მუშაობდა, გუნდში დაბრუნებას მიადვილებს. მადლობა იმ ხალხს, ვინც თბილად დამხვდა.
სამწუხაროდ, ბედოშვილი ვერ დაგვეხმარება. ჩემთვისაც რთულია სკამზე ჯდომა და იქიდან მითითებების მიცემა, რადგან ძალიან რთული ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ ეს „იბერიის“ ყველაზე ნაკლები პრობლემაა. სამწუხაროდ, ბერიძის დამატებაც ვერ მოხერხდა და ხვალ ვერ ითამაშებს.
ბუნებრივია, მჭიდრო გრაფიკი ორ ფრონტზე თანაბრად ასპარეზობას გვირთულებს, მაგრამ ევროპული ფეხბურთისკენ მივისწრაფვით და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, მზადაც ვართ – ეს გორში „დილასთან“ მოგებულ შეხვედრაში გამოჩნდა. ამიტომ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ძალები გადავანაწილოთ და დიდი იმედი გვაქვს, რესურსი გვეყოფა, რომ კონფერენსლიგაზეც და ეროვნულ ლიგაშიც თავი კარგად წარმოვაჩინოთ.
ხომ არ იყო „სენტ-ტრუიდენთან“ წაგების ერთ-ერთი მიზეზი ხელოვნური საფარი? სულ ვამბობ, რომ მსგავსი მიზეზები ხელის შემშლელი არ უნდა იყოს. სადაც უნდა ვითამაშოთ, მოედანზე უნდა გავიდეთ, ჩვენი შესაძლებლობები გამოვავლინოთ და საქართველო გავახაროთ. წაგება ასეთი მიზეზისთვის არასოდეს დამიბრალებია და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. წაგება სწორად რომ გავაანალიზეთ, იმედია, ხვალ გამოჩნდება“, – ამბობს კორღალიძე
ნიკა დადიანი: „სამწუხაროდ, მეტოქის თამაშის გასაანალიზებლად დრო ჯერ არ გვქონია. ამას დღეს გავაკეთებთ და შევეცდებით, „მიალბის“ სუსტი მხარეები გამოვიყენოთ.
რაც შეეხება ტემპში განსხვავებას, ჩვენი ბრალი იყო ის, რაც ბელგიაში მოხდა, მაგრამ შეგვიძლია, კონფერენსლიგის ტემპში ვითამაშოთ და მეტოქეს ავყვეთ. ხვალ შევეცდებით, ეს შანსი ჩვენი პოტენციალის წარმოსაჩენად გამოვიყენოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.
კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას „იბერიასა“ და შვედურ „მიალბის“ შორის 22 ოქტომბერს, 20:45 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.