ლევან კორღალიძე - მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ „საბურთალომ“ თასი მოიგოს #1TVSPORT
ლევან კორღალიძე - მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ „საბურთალომ“ თასი მოიგოს #1TVSPORT

საქართველოს თასის ფინალში გასვლაზე კომენტარი გააკეთა „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ, რომლის გუნდმაც დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში ჩემპიონატის ლიდერი, ბათუმის „დინამო“ 2:1 დაამარცხა.

„ველოდით, რომ ძალიან დაძაბული თამაში იქნებოდა და რა თქმა უნდა, მოედანზე შესაბამისი ხასიათით, განწყობითა და მოტივაციით გავედით. ის დავალებები, რაც ფეხბურთელებს მივეცით, ფაქტობრივად, იდეალურად შეასრულეს. ეს კარგად გამოჩნდა და ვფიქრობ, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რადგან მათ ყველაფერი გაიღეს, ამ შედეგისთვის რომ მიგვეღწია“, – ამბობს ლევან კორღალიძე.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში „საბურთალო“ მეორედ გავიდა, სადაც წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდება. თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდის შანსები შეაფასა.

„თასის ფინალში, ცხადია, არანაკლები მოტივაცია გვექნება, ვიდრე დღეს გვქონდა და საქართველოს თასის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ, როგორც ბათუმის „დინამოსთან“. წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ, „საბურთალომ“ თასი რომ მოიგოს“, – აცხადებს ლევან კორღალიძე.