ლევან კორღალიძე - „მალმესთან“ დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და „ლევადიას“ უფრო მომზადებულები შევხვდეთ #1TVSPORT
თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემდეგ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. საქართველოს ჩემპიონი ესტონეთში გაემგზავრა და ესტონურ „ლევადიასთან“ შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც 23 ივლისს ტალინის „ლილეკილას“ სტადიონზე გაიმართება.
თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ კომენტარი გააკეთა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლევადიასთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე.
„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს. სამწუხაროდ, „მალმესთან“ ჩვენი ხასიათი ვერ გამოვავლინეთ. იმედი მაქვს, რომ შვედებთან შეხვედრებში დაშვებულ შეცდომებს ახლა გამოვასწორებთ, ესტონელებს უფრო მომზადებულები შევხვდებით და „ლევადიასთან“ ორმატჩიანი დაპირისპირება ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.
სამწუხაროდ, დანაკლისიც გვაქვს – ტრავმირებულია გიორგი ტაბატაძე, წითელი ბარათის გამო კი შეხვედრას გიზი მამაგეიშვილი გამოტოვებს. ორივე ფეხბურთელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ ვენდობი გუნდს და იმედია, ეს დანაკლისი „იბერიას“ არ დაეტყობა“, – ამბობს ლევან კორღალიძე.
„ლევადია“-„იბერიის“ პირველი მატჩი 23 ივლისს, ტალინის „ლილეკილას“ სტადიონზე თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. განმეორებით მატჩს 29 ივლისს, 20:00 საათზე თბილისში მიხეილ მესხის სტადიონი უმასპინძლებს. „იბერიის“ ორივე შეხვედრის ხილვა საქართველოს პირველ არხზე იქნება შესაძლებელი.