ლევან კორღალიძე – კონფერენსლიგაზე მიღებული გამოცდილება საშუალებას მოგვცემს, რომ თანამედროვე ფეხბურთის ტემპს ავყვეთ #1TVSPORT
კონფერენსლიგის მე-3 ტურში სტუმრად დანიურ „კოპენჰაგენთან“ დაპირისპირებამდე „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადყოფნასა და მიზნებზე ისაუბრა.
„ასეთი დონის ტურნირზე ჯერ არ გვითამაშია – დებიუტანტები ვართ. არ გვქონდა ამ დონეზე თამაშის გამოცდილება, რომელსაც ახლა თითოეულ მატჩში ვიძენთ. დიდი იმედი მაქვს, ეს შემდეგ შეხვედრებში გამოგვადგება და იმის საშუალებას მოგვცემს, რომ თანამედროვე ფეხბურთის ტემპს ავყვეთ.
აქედან გამომდინარე, ვეცდებით, შემდეგ შეხვედრებში ფსიქოლოგიური წნეხი ნაკლები იყოს ან საერთოდ მოგვეხსნას. გავიდეთ მოედანზე და თავისუფლად, ლაღად ვითამაშოთ. ამ ტურნირზე საქართველოს წარმოვადგენთ და ჩვენი ვალია, ღირსეულად ვითამაშოთ“, – თქვა ლევან კორღალიძემ.
კონფერენსლიგის მე-3 ტურის მატჩი „იბერიასა“ და დანიურ „კოპენჰაგენს“ შორის 5 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.