ლევან კორღალიძე „იბერიის“ წაუგებელ სერიაზე - მუდმივი არაფერია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სერია დიდხანს გაგრძელდეს #1TVSPORT
ლევან კორღალიძე „იბერიის“ წაუგებელ სერიაზე - მუდმივი არაფერია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სერია დიდხანს გაგრძელდეს #1TVSPORT

თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „დინამო თბილისთან“ მოგებული (1:0) შეხვედრა შეაფასა.

ამ გამარჯვებით მოქმედმა ჩემპიონმა ეროვნულ ლიგაში წაუგებელი სერია გააგრძელა და კორღალიძის გაწვრთნილი გუნდი გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.

„როგორც ველოდით, ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა. ბევრი საგოლე მომენტი ვერც ჩვენ შევქმენით და ვერც „დინამომ“, თუმცა ეს, ალბათ, თამაშის დაძაბულობის ბრალი იყო. რადგან მოვიგეთ, ვფიქრობ, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.

ჩვენთვის კარგი თამაში გამოვიდა. უპირატესობას ვფლობდით და შეხვედრა ისე მიდიოდა, რომ მისი ბედი ერთ გოლს უნდა გადაეწყვიტა — ასეც მოხდა. კარგია, რომ ჩვენი წაუგებელი სერია გრძელდება.

კარგად მესმის, რომ მუდმივი არაფერია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს სერია კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს თავდადებისა და ბრძოლისთვის. იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ.

ეროვნული ლიგის პაუზამდე ორ შეხვედრას ჩავატარებთ და შემდეგ ორი კვირით ვისვენებთ. ამის შემდეგ კი შეკრება გვექნება. დიდი იმედი მაქვს, ევროტურნირზე კარგად მომზადებულები დავბრუნდებით“, — აცხადებს ლევან კორღალიძე.