კონფერენსლიგა | ლევან კორღალიძე – ძალიან დიდი სტიმული გვაქვს, რომ კარგად ვითამაშოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ #1TVSPORT

11:38, 15.10.2026

„იბერიამ“ კონფერენსლიგაზე „სენტ ტრუიდენთან“ სადებიუტო თამაშამდე ბოლო ვარჯიში გამართა. მთავარ მწვრთნელად დაბრუნებულმა ლევან კორღალიძემ და ლეგიონერმა, ლუქსემბურგის ნაკრების მცველმა, ვაჰიდ სელიმოვიჩმა პრესკონფერენცია გამართეს და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე ჩვენც და „სენტ ტრუიდენიც“ პირველად ვთამაშობთ. ამ მატჩამდე ბევრი ამბობს, რომ ბელგიელები ჩვენთან შეხვედრაში აშკარა ფავორიტები არიან, დამიჯერეთ, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა.

ძალიან დიდი სტიმული გვაქვს, რომ კარგად ვითამაშოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ის, რომ აქ ხელოვნური საფარია, „იბერიისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს. ტრავმის შემდეგ ანდრია ბართიშვილი დაბრუნდა, ის ერთი კვირაა, ვარჯიშობს. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა“, – განაცხადა ლევან კორღალიძემ.

ვაჰიდ სელიმოვიჩი – ​„წარსულში ბელგიურ კლუბებთან ამხანაგური შეხვედრები მითამაშია, მაგრამ ევროთასებზე მათ წინააღმდეგ მოედანზე არასოდეს გავსულვარ. ეს ჩვენთვის შესანიშნავი შანსია, რომ ევროპას თავი გავაცნოთ. „სენტ ტრუიდენის“ ფეხბურთელებს არ ვიცნობ, მხოლოდ ბელგიის ნაკრების წევრები ვიცი, რომელთა წინააღმდეგაც ლუქსემბურგის ნაკრების შემადგენლობაში მითამაშია“.

კონფერენსლიგის ძირითდი ეტაპის პირველი ტურის მატჩს „იბერია“ „სენტ ტრუიდენთან“ 15 ოქტომბერს გამართავს – შეხვედრა „სტეიენ სთედიუმზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი