ლევან კობიაშვილი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე - არ ვიცი, „ტოტენჰემს“ აუტსაიდერად რატომ თვლიან
ლევან კობიაშვილი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე - არ ვიცი, „ტოტენჰემს“ აუტსაიდერად რატომ თვლიან
ლევან კობიაშვილი არ იზიარებს საერთო აზრს, რომ ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ ფინალში უდავო ფავორიტი „ლივერპულია“ და მიიჩნევს, რომ გამარჯვების შანსი ლონდონის „ტოტენჰემსაც“ გააჩნია. ეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
დღეს მადრიდში, თბილისის დროით 23:00 საათზე, ევროპული საკლუბო ფეხბურთის მთავარი ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ინლისური კლუბები, „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ დაუპირისპირდებიან.
„ბევრი გულშემატკივარი ფინალში ფავორიტად „ლივერპულს“ მიიჩნევს. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ თამაშის მოგება „ტოტენჰემსაც“ შეუძლია და მეტოქეს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს. ეს ფინალია და ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ ვიცი, „ტოტენჰემს“ აუტსაიდერად რატომ თვლიან, არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მან გაიმარჯვოს“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლევან კობიაშვილი.
კობიაშვილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. საქართველოს ფეხბურთის ფედერციის პრეზიდენტმა ეს 2005-2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მატჩში ჰოლანდიურ კლუბთან, „პსვ ეინდჰოვენთან“ შეძლო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. იმ წელს კობიაშვილი დაეხმარა გუნდს, მიეღწია უეფა-ს თასის ნახევარფინალამდე, სადაც მომავალ გამარჯვებულ „სევილიასთან“ დამარცხდა.
„ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. მე მქონდა პატივი, მეთამაშა ამ ტურნირზე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. განსაკუთრებით სასიამოვნოდ „ეინდჰოვენთან“ შეხვედრა მახსენდება, სადაც სამი გოლი გავიტანე. ჩემი ამპლუიდან გამომდინარე, ეს რთული იყო, რადგან მე თავდამსხმელი არ ვიყავი. ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო და მეამაყება, ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქის შესრულება რომ შევძელი. თანაც, ის მატჩი 3:0 მოვიგეთ. ის გოლები და ემოციები დღემდე მახსოვს” – აცხადებს კობიაშვილი.
„შალკეში“ გატარებული 6,5 წლის მანძილზე, საერთაშორისო ასპარეზზე ჩატარებული მატჩების ოდენობითა და გატანილი გოლებით კობიაშვილი გუნდის რეკორდსმენთა შორის მოხვდა. 35 საერთაშორისო მატჩით ის „შალკეს“ ფეხბურთელთა შორის მესამეა, ხოლო საერთაშორისო შეჯიბრებებზე გატანილი შვიდი გოლით საუკეთესოა კლაუს ფიშერთან, კევინ კურანისთან და ლინკოლნთან ერთად.
დატოვე კომენტარი